საქმე უტიფრობის განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს! - როცა ერთი ხელით ოპოზიციურ პარტიებს კრძალავ, ხაზს გადაუსვამ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლიან სასამართლოს, სამართლიან არჩევნებს, დემოკრატიას და ევროკავშირს აქეთ დიალოგისკენ მოუწოდებ, ამას რა ახსნა აქვს?! - ასე აფასებს ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატი გიორგი შარაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას, რომ „მნიშვნელოვანია ბრიუსელი დიალოგის გზას დაუბრუნდეს“.
როგორც შარაშიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ევროპასა და აშშ-ში ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკური წონის მატარებელი ფიგურები არ არიან და გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ. შარაშიძეს თქმით, “იციან, რომ ამ ადამიანებთან სერიოზულ საუბარს აზრი არა აქვს და პაპუაშვილთან და კობახიძესთან სალაპარაკოდ დროს არ დაკარგავენ“.
“დავიწყოთ იმით, რომ არც ერთი დათქმა, რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის სავალდებულო იყო, “ოცნებამ“ არა თუ არ შეასრულა, არამედ პირიქით, დემოკრატიული კუთხით დაამძიმა და დაამძიმა ქვეყანაში ვითარება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოვიდნენ და ირაკლი კობახიძის პირით ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს. ამის შემდეგ შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს დიალოგისკენ დაბრუნებისკენ აქეთ რომ მოუწოდებს, წარმოუდგენელი უტიფრობაა. ქვეყანას ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული და როგორ უნდა დაჯდეს დიალოგის მაგიდასთან პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ტყუილს ტყუილზე ამბობს და ამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს გაუქმებითა და აკრძალვით ემუქრება. თან ევროკავშირს აქეთ მოუწოდებს დიალოგისკენ, თითქოს დიალოგი ევროკავშირმა აქეთ შეაჩერა.
ეს ყველაფერი ქვეყანაში იმიტომ ხდება, რომ “ოცნება“ ყველაფერს აკეთებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის “ოცნებამ“ ქართველ ხალხს თავზე გადაახია კონსტიტუცია, როდესაც კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაუპირისპირდა. ამას წინ უძღოდა მთელი რიგი ანტიდემოკრატიული რეფორმები და ქმედებები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან, ასევე იმ ვალდებულებებთან და კრიტერიუმებთან, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის სავალდებულოა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შარაშიძემ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ პრემიერ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობაც შეაფასა. მან აქვე აღნიშნა. რომ გაეროში გადაღებული ფოტოების მსგავსი არაერთი სხვა ფოტო გვინახავს და დასძინა ისიც, რომ “ივანიშვილი კობახიძეს დღეს გაეროში გაგზავნის, ხვალ რომელიმე გარდაცვლილი პრეზიდენტის პანაშვიდზე და ზეგ კი ვიღაცის ქორწილში“.
“ფოტოები რომ გჭირდება იმისთვის, რომ ხალხი მოატყუო, რომ თურმე შენში ჯერ კიდევ არის გარკვეული რესურსი და პოტენციალი იმისა, რომ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვან ანუ ევროპულ, დემოკრატიის გზაზე დააბრუნებ. ფოტოებს რომ აფრიალებ და სინამდვილეში არაფრის გამკეთებელი არა ხარ - პირიქით, რომ აზიანებ, აი ეს არის დიდი უბედურება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დონალდ ტრაპის მილოცვა - შაბლონური წერილი, როგორც ყველა ქვეყანას ეგზავნება, განსაკუთრებული პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენეს, რომ თურმე ეს იყო გზავნილი იმისა, რომ ტრამპი საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვას მიესალმება. აშშ-ი, რომელმაც ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარი რესურსი ჩადო, ანტიდემოკრატიულობასა და ავტორიტარიზმზე თვალს დახუჭავს?! აშშ-სთვის საქართველოს კიდევ უფრო მგრძნობიარეა. არც გაერთო ტრიბუნის დაკნინება მინდა, სადაც ბევრი დიქტატორი გვინახავს და არც ევროპელი ლიდერებისთვის ხელის ჩამორთმევის დაკნინება, მაგრამ ვერც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, რადგან ევროპასა და აშშ-ში კარგად იციან, რომ ეს ადამიანები გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან და მათთან რაზეც არ უნდა ილაპარაკონ, როცა საქართველოში ჩამოვლენ, რასაც ივანიშვილი ეტყვის, იმას გააკეთებენ. ამიტომ ამ პოლიტიკოსებთან საუბარს აზრი არა აქვს. გარდა ამისა, მათი დაპირებები არის ყალბი - ეს ხალხი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.
“ოცნებას“ ურთიერთობების გადატვირთვა იმ დონეზე სურს, რა დონეზეც გააგრძელებს ამ ქვეყანაში დანაშაულების ჩადენას ისე, რომ მას არანაირი პასუხისმგებლობა არც ხალხის და არც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე არ ჰქონდეს. მათ პარტნიორებს თავი უკვე კარგად გააცნეს და ყველამ იცის, რომ მათთან ლაპარაკს უბრალოდ აზრი არა აქვს. ივანიშვილი კობახიძეს დღეს გაეროში გაგზავნის, ხვალ რომელიმე გარდაცვლილი პრეზიდენტის პანაშვიდზე და ზეგ ვიღაცის ქორწილში. ეს არის ვითარება, რაც გვაქვს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გადაცემაში საუბარი შეეხო პარტია “გახარია საქართველოსთვის“ გაუქმების თაობაზე “ქართული ოცნების“ ახალ საკონსტიტუციო სარჩელს და მმართველი გუნდის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარტიის გაუქმების მოთხოვნის მიუხედავად, პარტიის წევრი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას არ აპირებენ. შარაშიძის თქმით, “როგორც თავად არიან ვაჭრები, ჰგონიათ, რომ ამ მანდატებით ვინმე ვაჭრობას დაიწყებს“.
“პარტიას კრძალავ და მანდატებს ტოვებ, ეს რას ნიშნავს?! ვინმეს არ ესმის, რომ რა თქმა უნდა, ეს პარტიის მანდატებია და რა თქმა უნდა, ხალხმა ხმა პარტიას მისცა?! ივაჭრონ ერთმანეთში - ჩვენთან ეს ვაჭრობა არ გამოვა!“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.