თავად ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ საქართველოში არანაირი ზეწოლა არ იყო და არანაირი პოლიტიკური პატიმრები საქართველოს არ ჰყავდა - ზეწოლა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილზე მოხდა?! აბა, დაასახელოს კიდევ რომელი სხვა პოლიტიკური პატიმრები არიან საქართველოში! - ამ განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
ჭეიშვილის თქმით, “ეს ადამიანი შეცდომაში არის შეყვანილი და უნდა მიხვდეს, გაიაზროს, რასთან აქვს საქმე“.
“ამ ადამიანმა დანაშაული თვითონვე აღიარა და არავის დაუბრალებია. იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი და არა მგონია, რომ მასზე ზეწოლა მარტია. შესაბამისად, რაზეც ის საუბრობს, არასწორია!
ირაკლი ღარიბაშვილს ციხეში რომ ჩასვეს, მერე გაახსენდა, რომ თურმე ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვასოცირდებით?! როცა პრემიერ-მინისტრი იყო, “ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაშინ რატომ არ ვასოცირდებოდით და როცა ციხეში ჩასვეს, მაშინ აღმოჩნდა, რომ თურმე “ნაციონალურ მოძრაობას დავემსგავსეთ?! - მსგავსი განცხადება ღარიბაშვილს თუნდაც გადადგომის შემდეგ რომ გაეკეთებინა, უფრო სარწმუნო იქნებოდა.
თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა იმას, რომ საქართველოში არანაირი ზეწოლა არ იყო და არანაირი პოლიტიკური პატიმრები საქართველოს არ ჰყავდა. ღარიბაშვილის დაკავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პირველი პოლიტიკური პატიმარი ირაკლი ღარიბაშვილია და ზეწოლა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილზე მოხდა?! აბა დაასახელოს კიდევ რომელი სხვა პოლიტიკური პატიმრები არიან საქართველოში. აქამდე ამბობდა, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდა და არც მიხეილ სააკაშვილზე და არც სხვა პატიმარზე ზეწოლა არ ხდებოდა. თვითონ იყო პრემიერ-მინისტრი როცა სააკაშვილი, მელია და ბევრი სხვა დააკავეს და როგორც მახსოვს, ამბობდა, რომ არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ახლა რა ხდება ღარიბაშვილიდან დაიწყო ათვლა? - ის არის პირველი პოლიტიკური პატიმარი?! “ქართული ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილით დაიწყო პატიმრებზე ზეწოლა?! - ეს ხომ აბსურდია!“, - განაცხადა დღეს ირაკლი ჭეიშვილმა.