საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ღონისძიებაზე, სახელწოდებით - „მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით", ლიდერებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევისა და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენების განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დასაძლევად.
დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის ორგანიზებით გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ერთგულია გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ.
„მაღალი დონის პანელზე, სახელწოდებით „მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული ძალის გამოყენებით" მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.