ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის წევრს, ალექსანდრე ჩაფოძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
პროკურორმა დავით დევიძემ განაცხადა, რომ გამოძიებას ერთი წელი დასჭირდა, რადგან მიმდინარეობდა ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნულ საქმეში არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ არის.
„საქმეზე დანიშნული იყო სამედიცინო ექსპერტიზა, არანაირი პოლიტიკური ინტერესი ამ საქმეში არ არის. კამერები სრულად არ გვქონია. დაინიშნა ექსპერტიზები, ექსპერტიზების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, მივიღეთ სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი და დადგინდა, რომ განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. ასევე სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 21 სექტემბერს დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები ჩაიდინა დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ, რის შემდეგად დაუყოვნებლივ დავაკავეთ“, - განაცხადა პროკურორმა.
ასევე, პატიმრობა შეეფარდა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილსაც.
ინფორმაციისთვის, პროკურატურა დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის წევრს, ალექსანდრე ჩაფოძეს, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება. ფეიქრიშვილსა და ჩაფოძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით წარუდგინეს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილს, პროკურატურამ მას ბრალი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.