ადვოკატი - პროკურატურას მივმართავ, თუ არსებობს ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ დავით ფეიქრიშვილი ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, გაასაჯაროოს - რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილს, საქმე მტკიცებულებების გარეშეა

ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, დაცვის მხარე ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ფაქტის დროს, რასაც პროკურატურა დავით ფეიქრიშვილს ედავება, ფეიქრიშვილი მანქანიდან არც კი გადასულა.

„დათოს გარდა კიდევ არის ბრალდებული, რომელმაც დაადასტურა, რომ თავად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მაინტერესებს და მივმართავ პროკურატურას, გაასაჯაროოს, თუ არსებობს კადრი, სადაც ფეიქრიშვილი ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდა. დავითმა ბრძანა, რომ თავად მანქანაში იყო 6 წლის შვილთან ერთად და არ გადმოსულა მანქანიდან“,- განაცხადა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილის საქმეს, ადვოკატის განმარტებით, ეს საქმე არის მტკიცებულების გარეშე.

„გიორგის საქმე არის კლასიკური მაგალითი, როდესაც საქმე არის მტკიცებულების გარეშე. არის ერთი ადამიანი, რომელიც იტყუება და ამბობს, თითქოს გიორგიმ მოსთხოვა თანხა, ამის გარდა მტკიცებულება არ დევს საქმეში. ჩემდა გასაკვირად პროკურატურამ ამ ცრუ მოწმეს დაუჯერა“,- განაცხადა გიორგი ანთაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებული ძმები დაკავებას ვერაფერს უკავშირებენ.

ინფორმაციისთვის, დავით ფეიქრიშვილს, ალექსანდრე ჩაფოძეს და გიორგი ფეიქრიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის წევრს, ალექსანდრე ჩაფოძეს, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება. ფეიქრიშვილსა და ჩაფოძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით წარუდგინეს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილს, პროკურატურამ მას ბრალი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა