უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც ის ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად “გრემის კანონსა” და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობას განიხილავდა.
„დღეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ზუსტად მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესის წევრებთან შეხვედრაზე ლინდსი გრემის კანონს და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას განვიხილავდით. რუსეთი ამ ომს ზეწოლის გარეშე არ დაასრულებს”, - განაცხადა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „გრემის კანონი“ ამერიკელ კონგრესმენებთან : ბრაიან ფიცპატრიკთან, მაიკლ კუიგლისთან, მარსი კაპტურთან, ჯარედ გოლდენთან, ჯო უილსონთან და გრეგორი მიკსთან განიხილა.
„ყველა ასეთი თავდასხმა იმიტომ ხდება, რომ აგრესორზე ზეწოლა ტოტალური არ გამხდარა და რუსეთი თვლის, რომ შეუძლია განაგრძოს ბალისტიკურ ტერორზე ფსონის დადება. შეერთებულ შტატებს ახლა შესაძლებლობა აქვს, გადამწყვეტად უპასუხოს. ჩვენ გვჭირდება ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემები სიცოცხლის დასაცავად, გვჭირდება სანქციები რუსეთის და მათ წინააღმდეგ, ვინც მას ფულის გამომუშავებაში ეხმარება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, კიევზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.