ვალერი ჩეჩელაშვილი - ღრმა პატივისცემა ყველას, ვისაც ირაკლი კობახიძე შეხვდა, მაგრამ სერიოზული გეოპოლიტიკური ფიგურები ამ რიგში არ იყვნენ, გაეროს ტრიბუნაზე კი, ვფიქრობ, არ გამოვა  ანტიდასავლური გზავნილებით  - ასეთ ტრიბუნაზე ეს ძალიან წამგებიანია

ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე აშშ-ში იმისთვის წავიდა, რომ სერიოზული შეხვედრების ჩატარების იმედი ჰქონდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა - ვფიქრობ, დღეს, ბატონი ირაკლის გამოსვლაში შეიძლება, პირიქით, გავიგონოთ პროდასავლური და არა ანტიდასავლური გზავნილები, - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტს და გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, იმ პირებს შორის, ვისაც ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტისას შეხვდა, სერიოზული გეოპოლიტიკური ფიგურები არ იყვნენ.

“მე არ ველოდები [ანტიდასავლურ გზავნილებს]. თუ იმისთვის წავიდა ირაკლი კობახიძე, რომ იქ ანტიდასავლური გზავნილები გააჟღეროს, არ იქნება ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, იმისთვის წავიდა, რომ რაღაც სერიოზული შეხვედრების ჩატარების იმედი ჰქონდა. სერიოზული შეხვედრები ვერ მოხერხდა.

ყველაზე მეტი ჩავარდნა არის ის, რომ ამერიკელების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც დაკავშირებულია ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებასთან, საქართველო არ იყო. ვიცით, რომ ტრამპის იდეა არის სომხეთ-აზერბაიჯანის დაკავშირება და იმის გაგრძელებაზეა ახლა საუბარი. ეს უკვე გადაიზარდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო საკომუნიკაციო დერეფნის განვითარებაში. იქ არიან მიწვეული სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ცენტრალური აზიის 5 წარმომადგენელი და საქართველო იქ არაა. მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ჩავარდნა. იქ როგორმე აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქართველო. ბოლო-ბოლო, დიპლომატიური წარმომადგენლობები გვაქვს ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც. აუცილებლად უნდა მოგვეხერხებინა იმ შეხვედრაზე მოხვედრა. ეს არის ძალიან დიდი ჩავარდნა, რომლის შედეგებსაც ჩვენ დიდი ხანი ვერ გადავხარშავთ.

სხვა სერიოზული შეხვედრები, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ჩანს. ღრმა პატივისცემა ყველას, ვისაც ბატონი ირაკლი შეხვდა, მაგრამ სერიოზული გეოპოლიტიკური ფიგურები ამ რიგში არ იყვნენ. თუ კიდევ რჩება ამის შესაძლებლობა, ამას დავინახავთ, მაგრამ მე ვფიქრობ, დღეს ჩვენ ბატონი ირაკლის გამოსვლაში შეიძლება, პირიქით, გავიგონოთ პროდასავლური და არა ანტიდასავლური გზავნილები. საერთოდ, ასეთ ტრიბუნაზე ეს არის ძალიან წამგებიანი შემდგომში. პოლიტიკოსმა და დიპლომატმა თავისი გზავნილებით მანევრის ველი უნდა გაიფართოოს პარტნიორებთან სასაუბროდ. ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ ბატონი ირაკლი არ გამოვა ანტიდასავლური გზავნილებით იმ უმაღლესი ტრიბუნიდან,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში, საქართველოს პარლამენტის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილმა ორმხრივი შეხვედრები თავისი ტრადიციული რიტორიკის გაგრძელებისთვის გამოიყენა.

მისივე თქმით, ამ ტრადიციული რიტორიკის ფონზე, შალვა პაპუაშვილს არავინ შეხვდება, არც ევროკავშირიდან და არც ნატოდან.

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის და ნატოს ლიდერებს ხომ არ შეხვედრია?! ეს იყო შეხვედრა ბელგიაში ორმხრივ ფორმატებში. ეს გამოიყენა ბატონმა შალვამ იმისთვის, რომ თავისი ტრადიციული რიტორიკა გაეგრძელებინა და ამ ტრადიციული რიტორიკის ფონზე, მას არავინ შეხვდება, არც ევროკავშირიდან და არც ნატოდან. როდესაც შენ ევროკავშირს საბჭოთა კავშირს, ბრიუსელს კი მოსკოვს ადარებ, ცდილობ მენტორის როლში დიდაქტიკური ტონით ესაუბრო ევროპელ პარტნიორებს და ღირებულებათა კრიზისზე დაუწყო მათ ჭკუის სწავლება და ა.შ., ამის ფონზე სერიოზული ფიგურები, წამყვანი ლიდერები არც ევროკავშირის და არც ნატოსი, ბატონ შალვას, სამწუხაროდ, არ შეხვდებიან. მე ველოდებოდი, რომ ბატონი შალვა უფრო კარგად მოემზადებოდა ამ ვიზიტისთვის. ის, რაც მოხდა, არ არის ჩემთვის გასაკვირი, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ მორიგ ჯერზე არის დიპლომატიური წინსვლის შესაძლებლობის დაკარგვა აშკარად,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა