შალვა კერესელიძე - გიორგი ხოჯევანიშვილს ეშინია, ყურები არ აუწიონ, დევნის ეშინიათ, ჩადენილი ცოდვები არ გაუხსენონ, არ დაიჭირონ - „ჩორჩანას საქმეზე“ სასამართლო გადაწყვეტილებას კამბოლოვი ყველგან წაიღებს, ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე ააფრიალებს

[გიორგი ხოჯევანიშვილს] ეშინია, ყურები არ აუწიონ. დევნის ეშინიათ, არ დაიჭირონ, ვიღაცას ბიზნესი არ წაართვან, ჩადენილი ცოდვები არ გაუხსენონ, არ დააპატიმრონ, - ასე ხსნის საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე იმ ფაქტს, რომ არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მათ შორის შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ე.წ. ჩორჩანას საკითხზე დაკითხვისას განაცხადა, რომ საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

როგორც შალვა კერესელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ამ ლოგიკით, გამოდის, რომ თანამდებობის პირები ხელისუფლებაში რეალურად არაფერს წარმოადგენდნენ.

მისივე მტკიცებით, „ყველამ ყველაფერი იცოდა“.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სოფელ ჩორჩანაში, საგუშაგოს ჩადგმის პროცესი მიმდინარეობდა, საქართველოს ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, კეთდებოდა გზა, მიმდინარეობდა გაზიფიცირება, საკითხი გავიდა მთავრობის სხდომაზე და ასეთ დროს არაფერი იცოდა სუს-მა, კონტრდაზვერვამ, თავდაცვის სამინისტრომ და პრემიერმა?! ამ დროს ყველაფერი იცოდა მოსახლეობამ. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ვიყავი და ასეთი აქტივობები რომ მიდიოდა ჩორჩანაში, მე ვიცოდი. რეალურად, ინფორმაცია ჰქონდათ. ამ დროს გამოდიან ეს ჩინოვნიკები და ამბობენ, რომ არ ვიცოდითო.

გამოდის, რომ ვინც ასეთი ჩვენება მისცა, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, სუს-ის უფროსი, კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი, არავინ იყვნენ რეალურად. საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას, ე.ი. არაფერს წარმოადგენდნენ ხელისუფლებაში, როცა ამბობენ, რომ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი. ახლა მათ ეშინიათ და ვერ ბედავენ, რომ ხმა ამოიღონ და თქვან, დიახ, ჩვენ ვიცოდით ეს საკითხი.

[რაც შეეხება გიორგი ხოჯევანიშვილს], დევნის ეშინია, ყურები არ აუწიონ და არ დაიჭირონ. ეშინიათ ვიღაცას ბიზნესი არ წაართვან, ჩადენილი ცოდვები არ გაუხსენონ, არ დააპატიმრონ. ხელისუფლების ნებაა, რომ „ჩორჩანას საქმეზე“ შეთითხნილი ბრალდებები უნდა შეიკეროს და იკერება კიდეც. ეშინიათ სახელმწიფო არ დაუპირისპირდეთ, არ დასაჯონ. ამჯობინებენ დანაშაულებრივ დუმილს. მოვა დრო, როდესაც „ჩორჩანას საქმეს“ ფარდა აეხდება და თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებრივი დუმილის წინაშე“, - აღნიშნა კერესელიძემ.

მისივე თქმით, „ჩორჩანას საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება საფუძველი იმის, რომ საგუშაგო სოფელ ჩორჩანადან მოხსნან და საოკუპაციო რეჟიმის შემადგენლობაში შეიყვანონ.

„ჩორჩანას საქმეზე“ სასამართლო პროცესები ძალიან დაჩქარდა. ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროს ეს საქმე და სასამართლოს მიაღებინოს ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებას უნდა.

„გადაწყვეტილება, რასაც ხელისუფლება მიაღებინებს სასამართლოს, იქნება საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომელზეც პასუხი არამარტო მოსამართლეს მოეთხოვება, არამედ ყველას, თითოეულ მათგანს ვინც შეთითხნილ ბრალდებებშია ჩართული.

დასრულდა ისტორიულ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არჩევნები, ის, რუსეთის ფედერაციის მიერ მოვლენილი ე.წ. პრეზიდენტს, რომელმაც გაიმარჯვა, ორი დავალება ჰქონდა მიცემული რუსეთიდან. პირველი ეს არის სოფელ ჩორჩანას დაბრუნება საოკუპაციო რეჟიმში და ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანება, რომლის კონვერტირებაც მოახდინა პრეზიდენტობის კანდიდატმა. გამოდის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის პირველი დაპირება, რაც მისცა მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლება მიეხმარა ამ დაპირების შესრულებაში. ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ყველგან წაიღებს კამბოლოვი, ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე ააფრიალებს, თვითონ რუსეთიც გამოიყენებს. ეს გადაწყვეტილება გახდება საფუძველი იმის, რომ საგუშაგო სოფელ ჩორჩანადან მოხსნან და საოკუპაციო რეჟიმის შემადგენლობაში შეიყვანონ.

კამბოლოვის საარჩევნო დაპირების მხარდამჭერი იქნება საქართველოს ხელისუფლება. რჩება მეორე დავალება-რეფერენდუმის ჩატარება და ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. როდესაც ასეთ დროს ხელისუფლება ასეთ დავალებას გასცემს პირადი ამბიციების და ბოღმის გამო, ამას ჰქვია სამშობლოს და სახელმწიფოს ღალატი“, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა