ისევე, როგორც ბელგიაში, აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი - ვფიქრობ, დადგა მომენტი, ევროკავშირმა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს სწორი გზა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „პასუხი არასდროს არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში“.
„ხელმეორედ ვესტუმრე ლუქსემბურგს. 4 წლის იყო ჩემი პირველი ვიზიტი ლუქსემბურგში. მიხარია, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციით ვიმყოფებით აქ. შევხვდით ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე და თავისთავად, ამ კონტექსტში ვისაუბრეთ ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე.
ჩვენ ისევე, როგორც ბელგიაში, აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი. ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მეტიც, თავის დროზე, ამ გადაწყვეტილების მიზანი ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა. თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია და მგონი სწორედ ესაა ევროპულობა, რომ შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს სწორი გზა. ევროკავშირი დგას დიალოგზე, სამართლიანობასა და დისკუსიაზე. დღეს როცა მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია. ამიტომ გვიხარია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების, ისევე როგორც პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა ეს არის მთავარი პრინციპი, რითაც ევროკავშირის ინსტიტუტები უნდა სარგებლობდნენ და რომ დიალოგი და საუბარი არის ერთადერთი სწორი გზა. პასუხი არასდროს არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში. დღეს ჩვენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენს კოლეგებთან გვესაუბრა.
რაც შეეხება მათ პოზიციებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ რეალობაზე, რა თქმა უნდა წუხან, ვინაიდან საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, დღეს ხელი ეშლება იმისთვის, რომ იმ პროცესებში სრულად იყოს ჩართული, რომელიც ამ ინტეგრაციისთვის არის საჭირო. ლუქსემბურგის ხელისუფლება, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტი, ჩვენ სხვა შემთხვევებშიც გვქონდა ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, იქცევიან ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა, რომელმაც უნდა დასვას კითხვები და არ აჰყვეს მზა პასუხებს, რომელსაც აწვდიან ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფები. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ჩვენ ლუქსემბურგის, მისი პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც ესმის ჩვენი მდგომარეობა დაწყებული ჩვენი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპულ ინტეგრაციაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ორ კვირაში ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
„ისევე როგორც ბრიუსელში, ასევე აქ, ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა ეს არის სამართლიანი დიალოგის გზა. ევროკავშირი თავისი არსით კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა. როდესაც დღეს კონფრონტაციაა ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს თავისთავად, უკვე ანტიევროპულია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც ლუქსემბურგის, ისე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლები, მათი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით ამ მხრივ იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რომ დაარწმუნონ, დაუბრუნდნენ დიალოგის გზას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.