ირაკლი კირცხალია - რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელეს - ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას

რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა - ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმართ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ფესტივალ „კამარას“ გადადებას ეხებოდა.

როგორც კირცხალია აღნიშნავს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.

„რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების სერიოზულად კომენტირება არასერიოზულია!

უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ბრიუსელის ცენტრში რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლობის დაფინანსებით მოეწყოს ღონისძიება, რომლის სცენიდანაც ევროპელი თანამდებობის პირების, მათი პოლიტიკური გუნდისა და რაც მთავარია, მათი ამომრჩევლის მიმართ (ძალიან რბილად რომ ვთქვათ) შეურაცხმყოფელი მოწოდებები გაისმის. რა რეაქცია ექნებოდათ ევროპულ ინსტიტუტებს და როგორ შეაფასებდნენ ისინი მსგავსი ღონისძიების ორგანიზატორების პასუხისმგებლობას? სწორედ ამ კითხვებზე ველით კონკრეტულ პასუხებს და არა ზოგად შეურაცხმყოფელ განცხადებებს ე.წ. კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა, რადგან ყველა კარგად ხედავს იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დაუნდობელ განადგურებას, რაზეც ევროპა ყოველთვის იდგა. ეს სწორედ იმ ბიუროკრატიის დამსახურებაა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს მიმართ ყველაზე უსამართლო დამოკიდებულებით გამოირჩევა.

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ და კულტურულ დიალოგს და არა თანამშრომლობას, რომლის პირობებიც ცალმხრივად განისაზღვრება. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმართ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები მათი მიზნების, მონაწილეთა შერჩევისა და დაფინანსების გამოყენების შესახებ. ამ კითხვებზე პასუხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პროექტების გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება წარმოიშობა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა მხოლოდ დიპლომატიური განცხადებების ნაწილი არ უნდა იყოს, განცხადებების, რომელთაც რეალურ დროში ქვეყნის შეურაცხმყოფელი ქმედებები მოჰყვება!“- წერს კირცხალია.

ცნობისთვის, დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. ამასთან, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო მუსიკოს „კორძის“ (ალექსანდრე კორძაია) გამოსვლაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ კონცერტი მუქარების გამო სერიოზული საფრთხის წინაშე იყო, ამიტომ იძულებული გახდა ის გაეუქმებინა.

დღეს კი მომხდარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის „კამარას“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადებისთვის სინანულს გამოთქვამენ. ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა