თამაზ ელიზბარაშვილმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა - მან შალვა კუჭაშვილი დაადანაშაულა, თითქოს მან თამაზ ელიზბარაშვილზე იძალადა და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაზიანებები მიაყენა,- ამის შესახებ „იმედის“ ჟურნალისტის, შალვა კუჭაშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა თამაზ ელიზბარაშვილმა საგამოძიებო უწყებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რაზეც რეაგირება ექნებათ.
„სამომავლო სტრატეგიაზე, ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, თუმცა ვადასტურებ, რომ ჩვენ ამაზე აუცილებლად გვექნება გარკვეული სახის რეაგირება. რა ფორმით და როგორ ამაზე ჩამოვყალიბდებით და შესაბამისად ჩვენს პოზიციას საგამოძიებო ორგანოს წარვუდგენთ. თუმცა, საგამოძიებო ორგანო თავადაც უნდა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და თავადაც უნდა გამოხატოს ინიციატივა, დაგვიბაროს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რის შესახებაც ჩვენ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას.
ვერანაირი კადრი და მტკიცებულება ვერ იარსებებს, ფაქტის არარსებობის გამო. არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს და საგამოძიებო ორგანოს ჰქონდეს რაიმე სახის შესაძლებლობა ობიექტური მტკიცებულების მოპოვების იმისა, რაც ფიზიკურად არ მომხდარა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ვიდეოჩანაწერებში წარმოდგენილი პირები, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ მოვლენათა განვითარებას, გამოკითხული არიან და არცერთი პირი, არ ადასტურებს ფიზიკური ძალადობის რაიმე სახის ფაქტს. ამაზე აპელირებს მხოლოდ ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილი, რასაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს“,- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.
ასევე, ადვოკატმა ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის მიხედვით, თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან ბრალის აღიარებისა და სინანულის შემდეგ, მის მიმართ დაზარალებულებს პრეტენზია აღარ ექნებოდათ. მისი თქმით, აღნიშნული საუბარი მანამდე შედგა, სანამ თამაზ ელიზბარაშვილი შალვა კუჭაშვილს დანაშაულს დააბრალებდა.
„დამიკავშირდა მათი უფლებადამცველი ადვოკატი, შევხვდი და დიახ, დავუდასტურე, რომ თუკი თავად ელიზბარაშვილი აღიარებს, მოინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, რომელიც გამოიხატა დაზარალებული პირების მიმართ დანაშაულის ჩადენასა და მუქარის განხორციელების ფაქტში, რა თქმა უნდა, ვიყავით მზად, რომ პოზიცია ბრალდებულის მიმართ დაგვეფიქსირებინა, რომ მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიები არ გვექნებოდა.
მაგრამ ეს პოზიცია დავაფიქსირეთ იქამდე, სანამ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ფაქტს დააბრალებდა თამაზ ელიზბარაშვილი შალვა კუჭაშვილს. რაც შეეხება სამომავლოდ რა პოზიცია ექნება შალვა კუჭაშვილსა და დანარჩენ დაზარალებულებს აღნიშნულ საქმეზე, შემდგომში მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.