საქართველოს პროკურატურაში, გენერალური პროკურორ გიორგი გვარაკიძესა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის შეხვედრა მიმდინარეობს.
პროკურატურაში გაიოზ ჩარკვიანთან შეხვედრა გუშინაც შედგა. როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, ჩარკვიანს უწყებაში გუშინ პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა.
გაიოზ ჩარკვიანი თავისი შვილის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. ამ მოთხოვნის შესრულებისთვის, მან პროკურატურასთან რამდენიმე დღის წინ შიმშილობაც დაიწყო.
ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განცხადება დილითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
ჩარკვიანის განცხადებას მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ განახორციელა“.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.