საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ჟენევაში, გაეროს ექსპერტთა შეხვედრაში მონაწილეობს.
შეხვედრა 21–25 სექტემბერს ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით იმართება.
მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა მოსახლეობის 2030 წლის აღწერების მსოფლიო რაუნდია. მონაწილეები განიხილავენ, როგორ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი მეთოდები მოსახლეობის აღწერისა და მიგრაციის სტატისტიკის მონაცემების შეგროვებისას.
„გოგიტა თოდრაძემ შეხვედრაზე წარადგინა მოხსენება იმის შესახებ, თუ რა მეთოდით ჩატარდება საქართველოში მოსახლეობის მომავალი აღწერა. მისი თქმით, მომდევნო აღწერის ჩატარება მოსახლეობის რეგისტრებისა და ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებითაა დაგეგმილი, რაც საერთაშორისო დონეზე სულ უფრო გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. აღნიშნული მიდგომა იძლევა რესურსების დაზოგვის და რესპონდენტთა ტვირთის შემსუბუქების შესაძლებლობას.
მოხსენების გარდა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი აქტიურად მონაწილეობდა შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში. ერთ-ერთი სესიის დისკუსიას კი თავად ხელმძღვანელობდა.
გოგიტა თოდრაძემ შეხვედრის მონაწილეებს ასევე გაუზიარა საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის გამოცდილება. მან ისაუბრა მონაცემთა შეგროვების მეთოდებზე, განხორციელებულ სამუშაოებსა და საქსტატის მიერ დანერგილ სიახლეებზე. აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. აღწერების ისტორიაში პირველად, საქსტატმა ის თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, თვითრეგისტრაციისა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით განახორციელა. აღწერის საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდა.
ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. მასში 55-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის სტატისტიკის სამსახურების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მაღალი თანამდებობის პირები. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქვეყნები აღწერებისა და მიგრაციის სტატისტიკის სფეროში გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
შეხვედრაში საქსტატის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი და მოსახლეობისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე არაბული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.