განათლების მინისტრი განმარტავს, რა ალტერნატივები შესთავაზეს თბილისის 21-ე სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს და აცხადებს, რომ ზაფხულიდან კონკრეტული სარეკონსტრუქციო სამუშაოები „აუცილებლად უნდა განხორციელდეს“

კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ 21-ე სკოლაში აღდგეს სწავლების პროცესი, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 21-ე სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, სკოლის შენობაში აუცილებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რაც სასწავლო წლის ბოლოს, ზაფხულის პერიოდში აუცილებლად დაიწყება.

“როდესაც სამინისტრომ კონკრეტული დასკვნა მიიღო, ამის შემდეგ ჩვენ მთავრობის დადგენილების შესაბამისად ვიმოქმედეთ და სკოლაში დროებით შევაჩერეთ სასწავლო პროცესი. ამასთანავე, როდესაც დასკვნას გავეცანით, ჩვენ დამაზუსტებელი შეკითხვით მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელსაც ვთხოვეთ ასევე, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოეწოდებინა ჩვენს მიერ დასმულ-დამაზუსტებელ შეკითხვებზე პასუხი.

პასუხი გუშინ შემოგვივიდა და, შესაბამისად, გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ პასუხს გავცნობოდით, რის საფუძველზეც მოვიწვიეთ უწყებათაშორისი კომისია. ამ კომისიას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თბილისის ვიცე-მერი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი და ექსპერტები.

დაახლოებით, ოთხი საათის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა წარმოდგენილ პასუხებთან დაკავშირებით, სადაც უკვე დაზუსტებული იყო, რომ თუ კი ჩატარდება კონკრეტული სამუშაოები და შემდგომში დაწესდება მუდმივი მონიტორინგი, შესაძლებელი არის გარკვეული პერიოდით სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგეს.

როდესაც ჩვენ ეს საკითხი დეტალურად შევისწავლეთ, ამ კონკრეტული პასუხიდან გამომდინარე, კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ის სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ 21-ე სკოლაში აღდგეს სწავლების პროცესი.

ამასთან დაკავშირებით, გუშინ გვიან საღამოს ჩვენი სამინისტროდან შესაბამისი წერილი და მიმართვა გაიგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მისამართით იმ თხოვნით, რომ აღნიშნული სამუშაოები მოკლე ვადებში განხორციელდეს.

დღეს უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა დაიწყო. დღესვე გავრცელდა ჩემი კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით და შემდეგ, 15:00 საათზე ჩავნიშნეთ შეხვედრა სკოლის საზოგადოებასთან.

შეხვედრას დაახლოებით 35 ადამიანი ესწრებოდა. ჩვენ განვუმარტეთ, თუ რა პროცესები წარიმართა, რა აქტივობები განვახორციელეთ, რა გადაწყვეტილებამდე მივედით და ახლა რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ. შესაბამისად, ის დიალოგი, რომელიც ჯერ კიდევ შაბათს დაიწყო სასკოლო საზოგადოებასთან, გაგრძელდა და დიალოგი არის ის მოცემულობა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია განათლების უწყვეტობა, სწორედ ამიტომ, ამ გარდამავალ პერიოდში, სანამ ეს პროცესები გაირკვეოდა, ჩვენ სკოლას შევთავაზეთ ორი ალტერნატიული გამოსავალი - ის, რომ მეორე ცვლაში დაწყებულიყო სასწავლო პროცესი 51-ე და 49-ე საშუალო სკოლის შენობებში, რაზეც სასკოლო საზოგადოების მხრიდან მივიღეთ უარი, რამეთუ მათი მოთხოვნა იყო, რომ სკოლა ერთიან რეჟიმში დარჩენილიყო და პირველი ცვლა აუცილებლად ყოფილიყო შენარჩუნებული.

ასევე ჩვენ შევთავაზეთ ონლაინ რეჟიმში გადასვლა, რაზეც ასევე მივიღეთ უარი მათი მხრიდან.

დღეს მივაწოდეთ ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებას, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, თუმცა სასწავლო წლის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს პროცესი და ზაფხულიდან კონკრეტული სარეკონსტრუქციო სამუშაოები აუცილებლად უნდა განხორციელდეს ამ სკოლაში”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, დღეს განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება. მათივე ცნობით, ზაფხულიდან სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა