იაგო კაჭკაჭიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“  პროტესტი შავ მაგიასთან შერწყმულ მოძრაობას დაუკავშირა, არ არის გამორიცხული, კანონგარეშედ გამოაცხადოს და აკრძალოს - სექტა კი სწორედ “ქართული ოცნებაა” ბიძინა ივანიშვილის ხელში

აბსოლუტურად არაადეკვატურია ინსტიტუციონალიზებულ საპროტესტო მოძრაობას ეწოდოს სექტა. მას არ ჰყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი ან ბელადი, რომლის ნების უსიტყვო შემსრულებელი იქნებიან საპროტესტო მოძრაობის წევრები, - ასე შეაფასა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვრცელი წერილი, რომელიც უწყვეტი საპროტესტო აქციების 666-ე დღეს უკავშირდება და სადაც ის პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს სექტას უწოდებს.

კაჭკაჭიშვილის შეფასებით, პაპუაშვილის მიერ საპროტესტო საზოგადოების მისამართით დაწერილი ვრცელი წერილი იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას პროტესტი აწუხებს.

“შალვა პაპუაშვილის ამხელა წერილი არის იმის დადასტურება, რომ ყოველდღიური, პერმანენტული პროტესტი ხელისუფლებას აწუხებს და ეს არ არის მისთვის კომფორტული მოვლენა. ამხელა პათოსის მიძღვნა საპროტესტო მოძრაობის მიმართ სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ეს პროტესტი ყელში აქვთ გაჩხერილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტესტი აღარ არის მასშტაბური იმიტომ, რომ შეუძლებელია, როდესაც პროტესტი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მან ერთნაირი მასშტაბი შეინარჩუნოს.

შალვა პაპუაშვილმა ამ საპროტესტო მოძრაობას ცინიკურად სექტა უწოდა, თუმცაღა მან ძალიან კარგად იცის სექტის მნიშვნელობა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ ცინიკურ და პროპაგანდისტულ ველში გაატარა.

რა საკვირველია, საპროტესტო მოძრაობა რუტინული გახდა, მას გარკვეული სიმბოლოებიც ახლავს და ეს სიმბოლოები მყარია, მაგალითად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების მუდმივად გამოტანა ამ აქციაზე და ამ დროშების ერთგვარი პერმანენტულობა მატერიალიზებული სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, რომ საპროტესტო მოძრაობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. ან მაგალითად ისიც რუტინაში გადასული სიმბოლოა, რომ პროტესტო ერ მოშორდა რუსთაველის გამზირს, მიუხედავად იმისა, რომ იქ გზის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობს.

რასაკვირველია, რუსთაველის გამზირი პროტესტის სიმბოლოა და ეს არის ის სივრცე, რომელიც საპროტესტო მუხტთან და საპროტესტო ენერგიასთან ასოცირდება. შეგვიძლია ვილაპარაკოთ სხვა სიმბოლოებზეც, ეს ჩვეულებრივი ამბავია იმ შემთხვევისთვის, როდესაც ხდება რაიმე მოვლენის, ამ შემთხვევაში, საპროტესტო მოძრაობის ინსტიტუციონალიზაცია. ეს საპროტესტო მოძრაობა ჩამოყალიბდა გარკვეულ ინსტიტუტად თავისი მოქმედი პირებით, თავისი წესებით, თავისი სიმბოლოებით, თავისი ღირებულებითი შინაარსითა და ა.შ.

აბსოლუტურად არაადეკვატურია ამ ინსტიტუციონალიზებულ საპროტესტო მოძრაობას ეწოდოს სექტა. პირველ რიგში, საპროტესტო მოძრაობა არ არის სექტა იმიტომ, რომ მას არ ჰყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი ან ბელადი, რომლის ნების უსიტყვო შემსრულებელი იქნებიან საპროტესტო მოძრაობის წევრები. საპროტესტო მოძრაობა ჭრელ საზოგადოებას აერთიანებს. იქ არიან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არა აფილირებული ადამიანები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელოვანები,, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, ისეთი ოპოზიციური პარტიების, რომლებიც ერთმანეთთან მაინც და მაინც თბილ დამოკიდებულებას ვერ ინარჩუნებენ. ძალიან ჭრელია საპროტესტო საზოგადოება მაშინ, როდესაც სექტას ყველაფერი ახასიათებს შინაარსობრივი სიჭრელის გარდა.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს, რომ არანაირ სექტასთან არ გვაქვს საქმე, მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ არის დახურული ჯგუფი, მასში შედიან და მისგან გადიან. საპროტესტო მოძრაობის შიგნით მობილობა, მასში შესვლა ან გამოსვლა არ კონტროლდება, მას არ გააჩნია რაიმე მკაცრი რეგულაციები.

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც საპროტესტო მოძრაობის სექტად აღქმას ძირშივე, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება, არის ის, რომ საპროტესტო მოძრაობა არ არის ოპოზიციური საზოგადოებისგან, ანუ საპროტესტოდ განწყობილი ფართო საზოგადოებისგან იზოლირებული. ის არის ოპოზიციური ელექტორატის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი”, - აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მსგავსად, “ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო მოძრაობაც აკრძალოს, როგორც რადიკალურ-ფუნდამენტალისტური და ფსევდო-რელიგიური სექტა, კაჭკაჭიშვილმა არ გამორიცხა, რომ გარკვეული აკრძალვები იქნება, მათ შორის, სამართლებრივი. თუმცა, მისივე თქმით, საპროტესტო მოძრაობა თავის გზას მაინც მონახავს.

“არაფერი გამიკვირდება, არაფერი არ არის გამორიცხული. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს სტიგმა, ეს ნეგატიური იარლიყი, რაც “ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო მოძრაობას დაუკავშირა, რომ ეს არის სექტანტური, ლამის შავ მაგიასთან შერწყმული მოძრაობა, შესაძლოა, ის კანონგარეშე გამოაცხადოს, აკრძალოს და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ამ დრაკონული და ბრუტალური კანონების ინიციირების გზაზე “ქართულ ოცნებას” არანაირი მუხრუჭი არ გააჩნია, თუნდაც ის, რომ ტროტუარზე დგომის გამო ხდება ადამიანების დასჯა, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც.

მაგრამ შეუძლებელია, ამ მასშტაბის ოპოზიციური საზოგადოება იმ კონდიციამდე მიიყვანო, რომ საპროტესტო ხმა არსად არ ისმოდეს. მაშინ ასეთივე წარმატებით მოუწევს მას სოციალური ქსელების გაუქმება. თუმცა, მე მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველი. გარკვეული აკრძალვები იქნება, მათ შორის, სამართლებრივი, მაგრამ საპროტესტო მოძრაობა თავის გზას მაინც მონახავს”, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

სოციოლოგის შეფასებით, თუ საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიას სექტანტობის კონტექსტში შევაფასებთ, სწორედ პოლიტიკური პარტია აღმოჩნდება სექტის მხარეს, მით უფრო, თუ საუბარი “ქართულ ოცნებაზეა”, რადგან, კაჭკაჭიშვილის თქმით, მთელი პარტია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებით იმართება და პარტიის წევრებს მის მიმართ უსიტყვო, უპირობო და უკრიტიკო დამოკიდებულება აქვთ.

“ობიექტურადაც, როდესაც სექტანტობის კონტექსტში აფასებ საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიას, ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია აღმოჩნდება სექტანტობის მხარეს იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტია, სოციალურ მოძრაობასთან შედარებით, უფრო ჩაკეტილი ინსტიტუციაა.

პოლიტიკური პარტია ნაკლებად უშვებს პლურალიზმს, ნაკლებად უშვებს აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა, აქაც გააჩნია, რა ტიპის პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს საქმე - დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიასთან თუ ავტორიტარულთან. დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიაში განსხვავებული შეხედულებების ლეგიტიმაცია ხდება, განსხვავებულ შეხედულებებს აქვს თავისი ლეგიტიმური სივრცე, იქ ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, არ არის ერთი ლიდერი ან ბელადი, რომლის ნების შესაბამისად მოძრაობს პოლიტიკური პარტია და რა ხდება ამ დროს “ქართულ ოცნებაში”? “ქართული ოცნება” ხომ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილია? “ქართული ოცნება” არის ერთი ადამიანის ვერტიკალზე ჩამოკიდებული პოლიტიკური პარტია, რომელიც მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიმართულებით, რასაც ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს, ამიტომ ის, რაც სექტას პირველყოვლისა ახასიათებს, რომ მას ჰყავს ლიდერი, რომლის მიმართ უსიტყვო, უპირობო, ურევიზიო, უკრიტიკო დამოკიდებულება არსებობს და რომელიც მოქმედებს მხოლოდ იმ არხებითა და მხოლოდ იმ მიმართულებით, რასაც ლიდერი განსაზღვრავს და ასეთია სწორედ “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელში, ეს არის სწორედ სექტად ყოფნის ყველაზე მთავარი მაჩვენებელი.

და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენ ბოლო წლებია ვაკვირდებით - ყველა ის ადამიანი, რომელიც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს, ისჯება, ისჯება სასტიკად, სხვადასხვა მეთოდით. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ, შეგვიძლია გახარიას მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკის დაწყებიდან მოღალატედ გამოცხადდა. ეს არის სწორედ სექტანტობა, როდესაც აბსოლუტურად უალტერნატივოდ მოქმედებს პრინციპი “ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია”, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა