საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ სერბეთის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
"ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენციაზე და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომლის გაფორმებაზე მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც პრემიერ-მინისტრი წერს, შეხვედრაზე საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან. ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.