პრემიერი - მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება - მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ

ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ხელშესახებ სოციალურ შედეგებში უნდა აისახოს - ერთ სულ მოსახლეზე წარმოების ზრდა, რეალური ხელფასების მატება, სიღარიბის შემცირება, უკეთესი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ეკონომიკური მდგრადობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შედეგები უკვე კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული შესაბამის მაჩვენებლებში.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შედეგები კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული მაჩვენებლებში, რაც საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს, მაგალითად - სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1 პროცენტს შეადგენს, 2020 წლის 21.3 პროცენტთან შედარებით. თუმცა, ეს მიღწევა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უფრო ფართო ტრანსფორმაციისა, რომლის განხორციელებისკენაც ვისწრაფვით. შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, თითოეულ რეგიონში შესაძლებლობების ამაღლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. აღნიშნული პრიორიტეტები სრულად შეესაბამება საქართველოს მიერ „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევის მიმართ აღებულ ვალდებულებას, რაც ასევე ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მდგრადი განვითარების მიზნით თანამშრომლობისთვის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაში 2026–2030 წლების პერიოდში. უფრო შორეულ პერსპექტივაში, მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ, რაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიკაციით, ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის გაფართოებით და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებით,“- აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა