მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩინეთ-აშშ-ის მეგობრობის ულამაზეს ყვავილებზე, ერთად დავწეროთ ახალი თავი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებში, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თეთრ სახლში, სახელმწიფო ვახშამზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედონ როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფოებმა.
„ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედონ როგორც პასუხისმგებლობის მქონე დიდმა სახელმწიფოებმა, გაამართლონ ჩვენი ხალხების მოლოდინები, ფეხი აუწყონ ჩვენი დროის ტენდენციებს და მოძებნონ დიდ სახელმწიფოთა თანაარსებობის ახალი გზა“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ტრამპმა „პირობა დადო, “ამერიკა კვლავ დიდებულ ქვეყნად აქციოს“, მაშინ როცა ჩინეთი „ეროვნული აღორძინების მიღწევისკენ ისწრაფვის“.
„ეს ორი მიზანი ორივე ამბიციურია და, უდავოდ, მათ შეუძლიათ ერთმანეთის გაძლიერება”, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ვახშამზე წარმოთქმულ სადღეგრძელოში აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი.
„ორივეს გვესმის, რომ განსხვავებულ სისტემებს წარმოვადგენთ, თუმცა ჩვენს ხალხებს შორის კავშირები მტკიცეა და ჩვენი ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი“, - აღნიშნა ტრამპმა.
ვახშამს ასევე დაესწრნენ ამერიკული ბიზნეს და ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და პოლიტიკოსები, მათ შორის Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ოლტმენი, ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გიგანტის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და X-ის მფლობელი ილონ მასკი.
მანამდე, დონალდ ტრამპი და სი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ორმხრივი მოლაპარაკებებისას სი ძინპინმა აშშ-ს მოუწოდა, წინ აღუდგეს „ტაივანის დამოუკიდებლობას“. თეთრ სახლს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.