აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მნიშვნელობას და განიხილეს ის პროგრესი, რომელსაც 2025 წლის ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შემდეგ მიაღწიეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხს.
„ამ კონტექსტში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სავაჭრო და სატრანზიტო ურთიერთობები მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითებად დასახელდა”, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.
შეხვედრაზე მინისტრები პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.