ციხეში გასტუმრებული ღარიბაშვილის გამოსვლებზე უფრო დაბალი დონის გამოსვლის შინაარსი ასე შეიძლება შეფასდეს: „საქართველო არის ტერიტორია, რომელსაც ივანიშვილი აკონტროლებს, თუ რამე გინდათ ამ ტერიტორიაზე, მაგალითად კაბელის გაყვანა, მოდით და გვესაუბრეთ,- ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი გაეროში პრემიერის გამოსვლას.
სამადაშვილის შეფასებით, კობახიძის გამოსვლა „უშინაარსო, ღრმად პროვინციული იყო“.
„ძალიან მოკლედ ივანიშვილის წარმომადგენლის, კობახიძის სრულიად უშინაარსო, ღრმად პროვინციული, ყოველგვარ ეროვნული ამბიციისა და პოლიტიკური სიმძიმისგან დაცლილი გამოსვლის შესახებ:
- მზარდი ანექსიის პროცესის და ოკუპაციის გაღრმავების ფონზე, არც ერთი სიტყვა ანექსიაზე, არანაირი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებას, რას ველოდებით, რა გვჭირდება; არც ერთი სიტყვა რუსეთზე, რომელიც ზრდის ზეწოლას ანექსიის მიმართულებით, აგრძელებს 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის“ ხელშეკრულების დარღვევას; არც ერთი სიტყვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების პროცესში მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, გენოციდი, ასობით ათასი დევნილი, რომლებიც სახლში დაბრუნებას ელოდება. მოკლედ კი-სიცარიელე, ზრდილობისთვის ნახსენები ოკუპაცია.
- გაუქმებული ევროპული დღის წესრიგი. არც ერთი სიტყვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ამოცანაზე. ევროკავშირში გაწევრიანება არის ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული არჩევანი და ეროვნული გადარჩენის პროექტი, რომელიც გააუქმა ივანიშვილმა. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ საკითხის გაქრობით მისი წარმომადგენლის გამოსვლიდან.
- ქართველი ხალხისთვის კი, ალბათ მთავარი აღმაშფოთებელი იყო „ეკონომიკის წარმატებაზე“ საუბარი. გაეროს ტრიბუნაზე დგას იმ კაცის წარმომადგენელი, რომლის მმართველობის პირობებში, თითქმის მილიონამდე ადამიანი წავიდა ქვეყნიდან ემიგრაციაში, გადასარჩენად. ეს კაცი ამავე დროს საუბრობს 'წარმატებულ პოლიტიკაზე,' რომელმაც სიღარიბე დაძლია; საუბრობს საქართველოში დაცლილი სოფლების, დანგრეული სკოლების და წლობით გაჭიანურებული; კორუფციით და უნიათობით ვერ აშენებული, აშენებული და ისევ დანგრეული გზების ფონზე-წარმატებულ რეგიონულ განვითარებაზე.
მოკლედ კი, „ტრი-ტრი“, ციხეში გასტუმრებული ღარიბაშვილის გამოსვლებზე უფრო დაბალი დონის გამოსვლის შინაარსი ასე შეიძლება შეფასდეს: 'საქართველო არის ტერიტორია, რომელსაც ივანიშვილი აკონტროლებს, თუ რამე გინდათ ამ ტერიტორიაზე, მაგალითად კაბელის გაყვანა, მოდით და გვესაუბრეთ“,- წერს სამადაშვილი.