ევროინტეგრაციაზე არაფრის თქმა, გასაგებია, ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით კურსს არ აგრძელებს. თუმცა ის, რომ ამჯერად ოკუპაციას შეეხო და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებაზე ისაუბრა, გარკვეულწილად, ნიშნავს იმას, რომ რაღაც შეიცვალა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეიმურაზ პაპასქირმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კობახიძის მიერ მოხსენების წარდგენა „ბევრს არაფერს რეალურად არ ნიშნავს და არის ყოველწლიური წარმოდგენების ნაწილი“.
„გაეროს ტრიბუნა ჩვეულებრივ გამოიყენება ქვეყნის მიმართულების საჩვენებლად. ამ შემთხვევაში, ევროინტეგრაციაზე არაფრის თქმა, გასაგებია, ნიშნავს, იმას, რომ „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით კურსს არ აგრძელებს. თუმცა ის, რომ ამჯერად ოკუპაციას შეეხო და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებაზე ისაუბრა, გარკვეულწილად, ნიშნავს იმას, რომ რაღაცა შეიცვალა - როგორც ჩანს, ფრონტის ხაზზე შეცვლილი მდგომარეობა განაპირობებს „ქართული ოცნების“ ლავირებას იმ კუთხით, რომ „უი, თურმე რუსეთი არ იგებს“. სიტყვა „რუსეთს“ ჩვეულებრივ ერიდებიან, ოკუპაციას ახსენებენ რუსეთის ხსენების გარეშე. როცა ეკითხებოდნენ რომელი ქვეყნის ოკუპირებულია საქართველოს 20%-იო, ამასაც კი პასუხობდა „ეს რა კითხვააო“ და ცდილობდა რუსეთი არ ეხსენებინა. მიხეილ ყაველაშვილის შარშანდელი ფიასკოს შემდეგ, გასაგებია, რომ არ გაუშვეს ნიუ-იორკში. ამჯერად უკვე კობახიძემ წარადგინა ეს მოხსენება. თუმცა ბევრს არაფერს ეს რეალურად არ ნიშნავს. ეს არის გარკვეულწილად ყოველწლიური წარმოდგენების ნაწილი. შესაბამისად, ყოველწლიურად საქართველოს ხელისუფლება იქნება თუ სხვა ქვეყნები, გაეროს ტრიბუნას თავისი იდეების წარმოსაჩენად იყენებენ. უბრალოდ, სახელმწიფო ინტერესები უნდა წარმოაჩინონ პირველ რიგში. არ მოხდა ამ ინტერესების წარმოჩენა. გასაგებია, რომ ერთი შეხედვით თითქოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ილაპარაკა, მაგრამ როგორ არის შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთავარი მიმართულების, რომლითაც ეს შესაძლებელია, გამოტოვებით? - ევროინტეგრაციის გარეშე ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა პაპასქირმა.
მისივე თქმით, „მთლიანად იცვლება რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია და საქართველო ამ სიტუაციიდან განზეა“.
„ვისი ბრალია ის, რომ „შუა დერეფანზე“ საუბრისას ევროკავშირი საქართველოს არც კი ახსენებს? ვისი ბრალია ის, როცა ვხედავთ, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს სომხეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარება, 80%-ის პროდუქციის ევროკავშირში ყოველგვარი ტარიფების გარეშე შედის? აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვხედავთ ე.წ. ტრამპის გზის მშენებლობის კონტურებს. ჩვენ ვხედავთ, რომ მთლიანად იცვლება რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია და ვისი ბრალია, რომ საქართველო ამ სიტუაციიდან განზეა? სუფთა ფურცლიდან დაწყება რატომ გვჭირდება, რაშია საქმე? შემთხვევით, „ქართული ოცნების“ მიერ გაყალბებულ არჩევნებში გატარებულ რეპრესიებში ხომ არაა? როდესაც შენ აპირებ პოლიტიკური პარტიები აკრძალო, რანაირად დაიწყებს შენთან ვინმე სუფთა ფურცლიდან საუბარს? რანაირად მოხდება შენთან, როგორც დემოკრატიულ ძალასთან, არ არსებობს ხომ „ქართული ოცნება“ როგორც დემოკრატიული ძალა დღეს მსოფლიო აღქმაში, საუბარი? არავინ წარმოიდგინოს, რომ საქართველო შეუცვლელია ამ სიტუაციაში. მართლა არსებობს შესაძლებლობა, რომ ზანგეზურის დერეფნის გავლით, თურქეთის მიმართულებით გაცილებით უფრო ფართო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს და ათ წელიწადში თურქეთიდან წავა, საერთოდ საქართველოს მოიცილებს, არ დასჭირდება ზედმეტი ქვეყანა ამ სატრანზიტო გზაში. ეს ყველაფერი წავა თურქეთიდან. თურქეთი გააშენებს ინფრასტრუქტურას შავი ზღვის პორტებისკენ. ამისთვის 10 წელი დასჭირდება, მაგრამ შენ როცა არასანდო პარტნიორი ხარ, ბუნებრივია, რომ ყველა ეცდება, დივერსიფიცირება მოახდინოს“, - განაცხადა პაპასქირმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს დღეს, ეს არის პირდაპირ მიმართული, რომ შეაჩეროს ევროინტეგრაცია.
„როცა შენ ხარ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გაქვს შესასრულებელი შესაბამისი ვალდებულებები ევროკავშირის წევრობისთვის, შენ იქით არ აყენებ პირობებს, იცი რა არის პირობები და არ ხარ რეალურად განმსაზღვრელი ამ პირობების. როდესაც შენ იცი, რომ ქვეყანაში უნდა გქონდეს დემოკრატიული წყობა, არ უნდა გქონდეს პოლიტიკური დევნა, არ უნდა აყალბებდე არჩევნებს, არ უნდა გქონდეს მიტაცებული სასამართლო ხელისუფლება - ტროტუარზე დგომისთვის რომ ხალხს იჭერენ, „ფეისბუკ“ პოსტების გამო, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღძრავენ, ასეთი დევნა რომ მიმდინარეობს, რაიმე ორმაგ სტანდარტებზე საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან არის აბსოლუტური თვალთმაქცობა, ფარისევლობა და სიცრუე. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს დღეს, ეს არის პირდაპირ მიმართული, რომ შეაჩეროს ევროინტეგრაცია. მთელი მიზანი „ქართული ოცნების“ დღეს არის ის, რომ ევროკავშირმა თქვას, რომ ის წყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს. აკეთებს იმის გამო, რომ ევროკავშირს დააბრალოს ეს ყველაფერი, თავისი ქმედებები გადაიტანოს ევროკავშირზე. თავისი ჩადენილი დანაშაული რეალურად გადააბრალოს ევროკავშირს.
[რაც შეეხება ბრიუსელთან დიალოგის პერსპექტივა], მე არ ვიცი „ქართული ოცნება“ დიალოგს რას ეძახის. როცა შენ აყირავებ მაგიდას, აყალბებ არჩევნებს, შემოგაქვს რეპრესიული კანონები, კრძალავ პოლიტიკურ პარტიებს, რანაირად არის შესაძლებელი საუბარი, რომ დიალოგი დავიწყოთ?! რაზე უნდა დავიწყოთ დიალოგი? გეუბნებიან, რომ ჯერ გააუქმე ეს კანონები, შეწყვიტე რეპრესიები, მოამზადე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ჩაატარე ნორმალური არჩევნები. შენ ამბობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია, მე არაფერი მეხება და ახლა დიალოგი განვაახლოთ. რაზე უნდა გელაპარაკოს ის ადამიანი? გასაგებია, ევროკავშირი ვერაფერზე დაელაპარაკება ამ სიტუაციაში, სანამ „ქართულ ოცნებას“ მაგიდა აქვს აყირავებული და დგას იმ პოზაში, რომ „მას არაფერი ეხება, ყველაფერი ევროპის ბრალია“,- განაცხადა პაპასქირმა.
გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელი დასავლეთში ვიზიტების ფონზე ისაუბრა იმაზეც, უნდა მივიჩნიოთ თუ არა ეს ყველაფერი იმად, რომ საქართველო მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობების ფორმატში ბრუნდება. როგორც პაპასქირმა აღნიშნა, ამგვარი ვიზიტების მიღმა, „არანაირი დიპლომატიური გარღვევა არაა“.
„ჩახვიდე ნიუ - იორკში და მაქსიმალური რაც გააკეთო, ეს არის შეხვდე თურქეთისა და სომხეთის ლიდერებს, ალბათ, ცოტა გადაჭარბებული იქნება საუბარი იმაზე, რომ რამე გარღვევს აქვს ადგილი. გაეროს გენერალურ მდივანს, ვინც გამოხატავს სურვილს ჩასული ლიდერებიდან, ყველას ხვდება, მისი ფუნქციაა. ერთი და იგივე ქვეყნების ლიდერებს ხვდება და მათ შორის, მეზობლებს შეხვდა ნიუ იორკში. არაფერი გარღვევა აქ დიპლომატიური არ არის“,- განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.