ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას პოზიცია არის ცალსახა - ყველამ ყველაფერი იცოდა. მამუკა ბახტაძემაც, თავდაცვის მინისტრმაც, სუს-მაც და გიორგი ხოჯევანიშვილმაც. მათ ყველაფერი იცოდნენ, - ასე უპასუხა ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტების კითხვას, რა პოზიცია ჰქონდა ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას მისი კაბინეტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებმაც ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ჩვენება მისცეს სასამართლოს.
ბერდია სიჭინავას თქმით, ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე სასამართლო განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, სადაც უკვე დაიკითხნენ სახელისუფლებო მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია. მისი თქმით, საქმეზე მოწმეთა სიაშია ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
„ერთი მეორის მიყოლებით მოჰყავთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და არამხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აძლევინებენ ჩვენებას, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგაც.
ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, შემდეგია - ეს არის პროცესი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებს აზიანებს. მე არ მინდა წარმოვიდგინო, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი, რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არის საქმე, რომელიც აუცილებლად ხელახალი გამოძიების საგანი გახდება”,- აცხადებს სიჭინავა.
მისი თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს აგებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია.
„არ არსებობს ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელსაც აზროვნება შეუძლია დაიჯეროს, რომ გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო საგუშაგოს აგების გადაწყვეტილება, ზურგზე მოიბა ეს საგუშაგო ისე, რომ არც თავდაცვის სამინისტრომ, არც ოკუპირებულ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვამ იცოდა საოკუპაციო ხაზზე, რა ხდებოდა. ასევე სუს-მა, რომელიც ყველა ხვრელს აკონტროლებს ამ ქვეყანაში უკანონო, თუ კანონიერი მოსმენებით, ყველა ღია და ფარული მეთოდებით ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უსმენს, თურმე არ იცოდა, საოკუპაციო ხაზზე, რა ხდებოდა და გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება - საგუშაგო მოიბა ზურგზე, ჩაიტანა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, იქ მეორე დღეს გაეღვიძა ყველას და ეს საგუშაგო სოკოსავით იყო ამოსული ჩორჩანის ტყეში. ამის არავის სჯერა, მათ შორის არავის სჯერა იმის, რომ არ იცოდნენ და საქმის კურსში არ იყვნენ”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისი თქმით,ჩორჩანას საგუშაგოს აგების მერე გიორგი გახარიას ორჯერ გამოუცხადეს ნდობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
„ადამიანების ნაწილი, რომლებიც დღეს მის წინააღმდეგ ჩვენებებს იძლევიან, თითქოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი კონკრეტული ქმედება განახორციელა(გახარიამ), მისი მთავრობის წევრები იყვნენ, მისი მინისტრების მოადგილეები იყვნენ, მაღალ პოლიტიკურ თუ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში და თურმე 7 წლის თავზე აღმოაჩინეს, რა უქნია გახარიას.
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას პოზიცია არის ცალსახა, რა თქმა უნდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. მამუკა ბახტაძემაც, თავდაცვის მინისტრმაც, სუს-მაც და გიორგი ხოჯევანიშვილმაც. მათ ყველაფერი იცოდნენ. რა თქმა უნდა, ეს გიორგი გახარიას პოზიციაა. ამ მოწმეებს სხვადასხვა მეთოდებით, ზოგს დაშინებით, ზოგს ფინანსური მოტივაციით, სავარაუდოდ, იყენებენ გიორგი გახარიას წინააღმდეგ". განაცხადა სიჭინავამ
ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბ რალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები