ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა თავად აირჩია, თუმცა მას გლობალური შედეგები აქვს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტები არასდროს შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ტერიტორიით, მათ გავლენა აქვთ სასურსათო უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკულ ბაზრებზე, მიგრაციაზე, განვითარებასა და გლობალურ სტაბილურობაზე.
“ამას ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის მაგალითზე. ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა თავად აირჩია, თუმცა მას გლობალური შედეგები აქვს. აგრესიის ეს დამანგრეველი აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ ხორციელდება, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით”, - აღნიშნა კოშტამ.
მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უკრაინის საზღვრებს გარეთაც.
“მიუღებელია, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას. რუსეთმა ეს სახიფათო ესკალაცია უნდა შეწყვიტოს”, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის მიმართ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა შეაჩეროს ეს ომი და შექმნას პირობები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. “ეს ომი უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა კოშტამ.