უკრაინის თავდაცვის დაფინანსების 28 მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტის დაახლოებით ერთი მესამედი დრონებზე მოდის, რომელთა შეკვეთა და საფასურის გადახდა უკვე ოქტომბერ-ნოემბერშია საჭირო, რათა მათი მიწოდება იანვარ-თებერვალში მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, დრონების, რაკეტების, სამხედრო მარაგების დაფინანსებისთვის და ნაწილობრივ ხელფასების გადასახდელად სულ 28 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო.
„ამ თანხის დაახლოებით მესამედი, შესაძლოა ცოტა მეტიც კი, იანვარში, თებერვალსა და მარტში მოსაწოდებელი დრონებისთვის არის საჭირო და თუ ჩვენ მათ ოქტომბერსა და ნოემბერში არ შევუკვეთთ და არ გადავიხდით, იანვარსა და თებერვალში სერიოზული პრობლემები შეგვექმნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ დაფინანსების დეფიციტის საკითხი დეტალურად განიხილა ევროკავშირთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ აფინანსებს სამხედრო უზრუნველყოფასა და დრონების შესყიდვას, ამიტომ ამ საჭიროებების დასაფინანსებლად უკრაინა, პირველ რიგში, ევროკავშირის მხარდაჭერის იმედზეა.
პრეზიდენტმა ევროკომისიას მოუწოდა, დააჩქაროს 90 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტიდან მეორე ტრანშის გამოყოფა.