ირაკლი ანთაძემ დაადასტურა, რომ 2019 წლის იანვარში თავად იმყოფებოდა ჩორჩანის ტყეში, თავად დააფიქსირა შსს-ს თანამშრომელთან ერთად ყვითელი მონიშვნები ადგილზე, როგორც ბორდერიზაციის წინაპირობა. ეს ნაწილი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მან გახარიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება, თუმცა შეტყობინების ნაწილი, სადაც თითქოს ამბობს, რომ სუს-ი არ იყო ინფორმირებული, [ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე] ეს ცალკე შეფასების საგანია,- ეს განცხადება ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის შემდგომ გააკეთა, სადაც ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძე დაიკითხა.
ადვოკატის თქმით, ირაკლი ანთაძის ჩვენების შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგანაც სხდომა დახურული იყო.
"ბატონი ირაკლი ანთიძე მაშინ იკავებდა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას და შესაბამისად, მის მოვალეობებში შედიოდა ოკუპირებული ტერიტორიები. ის ასევე 2018 წლიდან დღემდე არის სუს-ის წარმომადგენელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. მის ჩვენებასთან დაკავშირებით დეტალურად ვერ ვისაუბრებ დახურული სხდომის ფაქტორიდან გამომდინარე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც ნაწილში ირაკლი ანთაძის ჩვენებები, რა თქმა უნდა, იყო ობიექტური, თუმცა რაღაც ნაწილში იყო არაობიექტური და ფაქტობრივად, შესაძლოა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მან სასამართლოს.
ნაწილობრივ ვერ გაექცა იმ რეალობას, რა რეალობაც ობიექტურია და ეს რეალობაა ის, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული მონიშვნები არსებობდა ჩორჩანის ტყეში. ჩორჩანის ტყეში მოხდა მონადირის შეჩერება, რაც საჯარო ჩვენებაში აქვთ მიცემული იმ ინფორმაციას გეუბნებით და რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული უსაფრთხოების გარემო იყო ჩორჩანასთან მიმართებით, კონკრეტულ შემთხვევაში დაზიანებული და მათ შორის ბორდერიზაციის აშკარა ნიშნები არსებობდა, რაც არის გამოხატული იმაში, რომ ჩორჩანის ტყეში გაკვალული იყო ბილიკები, ყვითელი მონიშვნები არსებობდა და ეს, როგორც ბორდერიზაციის წინა პირობები პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩორჩანასთან მიმართებით", - გამაცხადა სიჭინავამ.
ასევე , ადვოკატმა ისაუბრა ვატო შაქარაშვილის ჩვენებაზეც. მისი თქმით, „ზუსტად ვატო შაქარაშვილის მსგავსი ცრუ „დანოსჩიკი“ ადამიანების ჩვენებებით ხვრეტდა საბჭოთა რეპრესიული რეჟიმი ადამიანებს“.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, პროკურატურის მოწმის, ვატო შაქარაშვილის ჩვენება „შეკვეთილი და ცრუ „დანოსზე დაფუძნებულია.
მისი თქმით, დღეს დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ვატო შაქარაშვილის ჩვენების მიცემის ნაწილში სხდომა გახსნილიყო, რადგან შაქარაშვილი „არ არის ის მოწმე, რომელსაც რაიმე ტიპის ინფორმაცია შეიძლება ჩორჩანასთან დაკავშირებით“, თუმცა ადვოკატის თქმით, სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
„ვახტანგ შაქარაშვილი არის ის ადამიანი, რომლის საჩივრის საფუძველზეც დაიწყო სხვადასხვა პოლიტიკოსების მიმართ საქმის წარმოება. იცით,რომ პოლიტიკოსები საბოტაჟის ნაწილით არიან ბრალდებულები სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ამ ნაწილშიც მისი ჩვენებებია და აი, ამ ნაწილიდან არის გამოყოფილი ასევე ჩორჩანას საქმეც. ვერანაირი ინფორმაციის მატარებელი ვახტანგ შაქარაშვილი ვერ იქნებოდა ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მარტივი მიზეზის გამო - მას არ ეჭირა სახელმწიფოს ის თანამდებობა, რომელიც რაიმე ტიპის ინფორმაციას წვდომას მისცემდა. შესაბამისად, მისი მთელი ეს მონათხრობი, რა თქმა უნდა, არის შეკვეთილი და თვიდან ბოლომდე ცრუ „დანოსზე“ დაფუძნებული. ზუსტად ასეთი ცრუ „დანოსჩიკი“ ადამიანების ჩვენებებით 1937 წელს საბჭოთა რეპრესიული რეჟიმით ხვრეტდა ადამიანებს.
მე, როგორც ყოფილ პროკურორს შემრცხვა, რომ ეს ადამიანი პროკურატურის მოწმედ იყო გამოძახებული და საუბრობდა, რაღაც „დიფ სთეითზე, ამერიკის დაკვეთით ჩატარებულ ღონისძიებაზე, აგენტურაზე, სიგიჟეებზე, რომელიც არ შეიძლება ნორმალურ პირობებში დემოკრატიულ სახელმწიფოში პროკურატურას ასეთი მოწმე ჰყავდეს.
რაც მინდა იცოდეთ, 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული ეს ადამიანი თავის პოზიციებს გამოთქვამდა. 2019 წლის 24 აგვისტოს შემდეგ, რაც აიგო საპოლიციო საგუშაგო, ეს ადამიანი ჩემს კაბინეტთან იყო ატუზული და გიორგი გახარიასთან პერსონალური თხოვნებით დარბოდა და მაშინ თურმე არ იცოდა, რომ "დიფ სთეითის" დავალებით ჩავატარეთ თურმე ღონისძიებები“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები