შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ამ წერილებით შეძლებს თავისი პოზიციისა და სათქმელის იმ ადამიანებამდე მიტანას, ვისგანაც გარკვეულ რეაგირებას ელოდება. ამავე დროს, ვხედავთ, რომ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებენ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, წერილების შინაარსიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს საკუთარი პოზიცია და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწვდინოს მათ, ვისგანაც გარკვეულ რეაგირებას ელოდება.
„როგორც ჩანს, მას ბევრი სათქმელი დაუგროვდა და თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, ეს ყველაფერი საჯაროდ ეთქვა.
შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ წერილებით გარკვეულ რეაქციას გამოიწვევდა იმ ადამიანების მხრიდან, ვისგანაც თავად ელოდება რეაგირებას. მეორე მხრივ კი, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას შეიძლება სრულიად განსხვავებული ლოგიკა ჰქონდეს - მათ შეიძლება მიაჩნდეთ, რომ თუ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში წერილების ან საჯარო განცხადებების შედეგად რაიმე დათმობაზე წავლენ ან გადაწყვეტილებას შეცვლიან, ამან შესაძლოა სხვა მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებსაც გაუჩინოს მოლოდინი, რომ იგივე გზით შეძლებენ შედეგის მიღწევას. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, ხელმძღვანელობამ ამ წერილებზე საერთოდ არ მოახდინოს ისეთი რეაგირება, როგორსაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა ელოდებოდეს.
ჩემი აღქმით, წერილებში ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარი პოზიციისა და ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს თავად განვითარებულ მოვლენებს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ქცევის შეფასება გარედან მარტივია, ამიტომ მე ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ. თავისუფლებაზე ყოფნის დროს ადამიანი შეიძლება ერთგვარად უყურებდეს მოვლენებს, ხოლო საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩენის შემდეგ ბევრი რამ სხვაგვარად აღიქვას.
რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, ჩემი პოზიციაა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, თუ სხდომის დახურვის კონკრეტული სამართლებრივი აუცილებლობა არ არსებობს, განხილვა მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.
ჩვენს ქვეყანას სასამართლო სისტემის თვალსაზრისით გაცილებით რთული პერიოდიც გაუვლია. გვახსოვს საქმეები, რომლებზეც წინა ხელისუფლების პერიოდში უმკაცრესი განაჩენები დგებოდა, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ცალკეულ შემთხვევებში გამამართლებელი განაჩენებიც დადგა.
დღეს ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს წარსულში დაბრუნება ან ვინმეს მიმართ განსხვავებული სტანდარტის გამოყენება. მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ კანონი და პროცედურული გარანტიები ყველას მიმართ თანაბრად მოქმედებდეს.
მე პირადად არ მახსენდება ბოლო წლების პრაქტიკაში კორუფციის ან თანამდებობრივი დანაშაულის ისეთი გახმაურებული საქმეები, როდესაც სასამართლო პროცესების დახურვა ასეთი ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი გამხდარიყო. ამავე დროს, წინა ხელისუფლების პერიოდიდან გვახსოვს შემთხვევები, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაც კი ხელმისაწვდომი არ იყო.
თუ შევადარებთ სხვადასხვა პერიოდში სასამართლოს პრაქტიკას, მათ შორის გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკას, გარკვეულ ცვლილებებსა და პროგრესს ნამდვილად დავინახავთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არსებული კითხვები ღია და რაციონალური კომუნიკაციით გაიფანტოს და მიღწეული პროგრესის მიმართ საზოგადოებაში დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს.
როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარე საქმეებზე სასამართლო სხდომები იხურება, საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება კითხვა, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი არსებობს ამისთვის. სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს შესაბამისი შუამდგომლობისა და წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე. მე არ ვიცნობ ამ კონკრეტული გადაწყვეტილებების დასაბუთებას და ამიტომ მათ სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას ასეთი მაღალი ინტერესის მქონე საქმეების შესახებ, მით ნაკლები სივრცე დარჩება კითხვებისა და სხვადასხვა ინტერპრეტაციისთვის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.