ამერიკულმა მედიასაშუალებებმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ღონისძიებების გაშუქება განაახლეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წამყვანმა ამერიკულმა ტელეარხებმა პარასკევს, თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი გააშუქეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრაზე CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა მედიასაშუალებებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვაფასებთ მიუკერძოებელ გაშუქებას. ეს მიუკერძოებელი იყო. ჩვენ ამას ვაფასებთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მოგვიანებით, CNN-მა განაცხადა, რომ ტელეარხის ჟურნალისტებს დონალდ ტრამპთან ერთად პრეზიდენტის თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. მედიასაშუალებებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციის პირველი შესწორებით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
აშშ-ის წამყვანმა ტელეარხებმა - FOX News Media-მ, ABC News-მა, CBS News-მა და NBC News-მა გამოაცხადეს, რომ აღნიშნული მედიასაშუალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების გაშუქება შეწყვიტეს.
24 სექტემბერს ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპს CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა.