ლიბერალების და დემოკრატების ევროპული ალიანსის (ALDE) წევრმა „ლელომ“, ჯერ ტერორისტი თანაგუნდელად გამოაცხადა და ახლა ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, რაც, ცნობისთვის, ეწინააღმდეგება ALDE-ს დეკლარირებულ ღირებულებას არ დაუშვას ეთნიკური დაყოფა და ქსენოფობია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი საქართველოში „არაბიზაციის“ საფრთხეზე საუბრობენ.
როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, „ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა „ლელოს“ ტერორისტ [ალეკო ელისაშვილი] თანაგუნდელს, ღირებულებებთან ერთ კომპრომისს კი მეორე მოჰყვება“.
„ლიბერალების და დემოკრატების ევროპული ალიანსის (ALDE) წევრმა „ლელომ“, ჯერ ტერორისტი თანაგუნდელად გამოაცხადა და ახლა ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, რაც, ცნობისთვის, ეწინააღმდეგება ALDE-ს დეკლარირებულ ღირებულებას არ დაუშვას ეთნიკური დაყოფა და ქსენოფობია.
ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა „ლელოს“ ტერორისტ [ალეკო ელისაშვილი] თანაგუნდელს. ღირებულებებთან ერთ კომპრომისს მეორე მოჰყვება. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას“,- წერს შალვა პაპუაშვილი.
ინფორმაციისთვის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თანაგუნდელებთან ერთად გონიოში გამართულ ბრიფინგზე „არაბიზაციის საფრთხეზე" ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც საქართველო საქართველოს მოქალაქეებისგან იცლება, „ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ".