ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ ხალხს და პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.
დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე,“- აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, 1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ სწორედ აქ შეიძინა მამული და ეროვნული კერა დააფუძნა.
„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც ძალიან ემოციური და ნამდვილად განსაკუთრებული დღეა. სივრცეს, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქართველი ერის მეხსიერებაში სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია.
ლევილი გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ეროვნული იდეის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში. აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, აქ ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და ურყევი რწმენა იმისა, რომ საქართველო აუცილებლად დაიბრუნებდა ერთხელაც თავისუფლებას.
2016 წელს, ლევილის მამულის საქართველოს საკუთრებაში დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომელიც თანმიმდევრულად და პირნათლად შეასრულა. მასშტაბური რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადაზე ადრე, წარმატებით დასრულდა. უდიდესი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ამ მემკვიდრეობის აღდგენით ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს წარსულს და, ამავდროულად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც მომავალი თაობების მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, „სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება“.
როგორც მან აღნიშნა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ისტორიულმა მამულმა სრულფასოვანი სიცოცხლე დაიბრუნა.
„შატოში მოეწყო პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის მუზეუმი, ასევე ნოე ჟორდანიას სამუშაო კაბინეტი. რაც მთავარია, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. აქ უკვე ფუნქციონირებს ლევილის ქართული აკადემია, რომელიც უმასპინძლებს მკვლევრებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპლექსი მოიცავს ასევე საარქივო სივრცეს, ბიბლიოთეკას, მედიათეკასა და საკონფერენციო დარბაზს. განახლებულ პარკში გაშენებული ქართული ვენახი, ქვევრი და ტრადიციული ოდა აქ მოსულ სტუმრებს გააცნობს ჩვენს უნიკალურ ტრადიციებს და მრავალსაუკუნოვან ისტორიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.