დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
„საჭმელი თითქმის აღარ დარჩა. ცნობების თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულები არიან, თავი ბალახითა და სარეველებით გაიტანონ, ხოლო მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო მომსახურება მათთვის სულ უფრო და უფრო მიუწვდომელი ხდება. ამ პირობებში ჩარჩენილები ბავშვები არიან“, - წერს სიბიგა X-ზე.
ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდა, რათა ოლეშკის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ და უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდეს.
მისი თქმით, ამ ტანჯვის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი და დამნაშავე არსებობს.
„რუსეთმა ეს კატასტროფა ოლეშკიში თავისი უკანონო ოკუპაციით მოიტანა და ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, მის ყველა შედეგსა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაკარგვაზე სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.