შალვა პაპუაშვილი - 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას, მაგრამ საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა იდენტობის შენარჩუნება

1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. თუმცა, მისი თქმით, ეს იმედი არასოდეს გამქრალა.

,,საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.

1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.

ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ.

დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.

ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ცენტრი. მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.

საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, რომ ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო - სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.

ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა - მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.

ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს.

დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებული და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს.

ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში