პრაქტიკულად არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული - სპორტი არის ის, რაც საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს და აქაც კი, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სხვაგვარი რიტორიკა შემოიტანონ, რაც კიდევ ერთხელ მიმართულია საზოგადოების გახლეჩისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „აგენტურისთვის მთავარი დავალება არის, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს“.
„პრაქტიკულად არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას, რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული. სხვადასხვა სპორტის სახეობას ეხება ეს ყველაფერი. ეს არ არის მარტო ფეხბურთი, საქმე ეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, კალათბურთელებს და ა.შ. არ დატოვეს არც ერთი მიმართულება. მთავარი დავალება რა არის ამ შემთხვევაშიც, რომ არ უნდა არსებობდეს ავტორიტეტები საზოგადოებაში და ყველას უნდა შეეხონ. რა თქმა უნდა, ამით ისინი ჩვენს სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ, თუმცა ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ სპორტი არის ის, რაც საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს და აქაც კი, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სხვაგვარი რიტორიკა შემოიტანონ, რაც კიდევ ერთხელ მიმართულია საზოგადოების გახლეჩისკენ. მცდელობა არის სწორედ ასეთი, ამიტომ ეხებიან ყველანაირ ავტორიტეტებს, მათ შორის სპორტში ავტორიტეტებს. საზოგადოებამ უნდა მისცეს ამ ყველაფერს სათანადო შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.