იოჰან ვადეფულმა ლავროვთან საუბარში მოსკოვს მოუწოდა ,,უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ ესკალაციის სახიფათო გზაზე”,- ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung გერმანულ დელეგაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული ლავროვთან შეხვედრის შესაძლებლობას დიდი ხანია განიხილავდა, რადგან ევროპელები უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარალებებთან შეერთებას ცდილობენ. მოსკოვმა შუამავლების მეშვეობით მზაობა გამოხატა მსგავსი შეხვედრისთვის.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას უკავშირდებოდა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობას გერმანული მხარე მოსკოვს აკისრებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრა მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დროს ვადეფულმა მოსკოვს მოუწოდა “უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ ესკალაციის სახიფათო გზაზე”. ვადეფულმა ასევე განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმის მცდელობა ან სხვა ჰიბრიდული თავდასხმები ვერ შეარყევენ უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერას, თუმცა, ისინი კიდევ უფრო დააზიანებენ ბერლინთან მოსკოვის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ორმხრივ ურთიერთობებს.
ასევე აღინიშნება, რომ ვადეფულმა ლავროვს უთხრა, რომ ურთიერთობების ასეთი სავალალო მდგომარეობა არ შეესაბამება გერმანიის ინტერესებს და რომ კონსტრუქტიულ ურთიერთობებთან დაბრუნების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს არსებობს, თუმცა ,,ეს ომის დასრულებას გულისხმობს, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება”.