სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან. ჩემმა გერმანელმა კოლეგამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შედეგების შესახებ ინფორმაცია მომაწოდა , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, სოციალურ ქსელში წერს.
“მადლობელი ვარ მინისტრ ვადეფულის, რომ რუსულ მხარეს ჩვენი მტკიცე, საერთო პოზიციები გადასცა: მოსკოვის ომის დასრულებისკენ მოწოდებით, უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებით და გაფრთხილებით, რომ ევროპის წინააღმდეგ შემდგომი მტრული ქმედებები არ განახორციელონ”, - აცხადებს სიბიგა.
მისი თქმით, გერმანელ კოლეგასთან განიხილა სამშვიდობო ძალისხმევის წინსვლისა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები.
“ასევე ვისაუბრეთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და ზამთრის წინ უკრაინის მდგრადობის გაძლიერების გზებზე. მადლობა გადავუხადე გერმანიას უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის”, - წერს სიბიგა.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. გერმანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დროს ვადეფულმა მოსკოვს მოუწოდა “უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ ესკალაციის სახიფათო გზაზე”. ვადეფულმა ასევე განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმის მცდელობა ან სხვა ჰიბრიდული თავდასხმები ვერ შეარყევენ უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერას, თუმცა, ისინი კიდევ უფრო დააზიანებენ ბერლინთან მოსკოვის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ორმხრივ ურთიერთობებს.
ასევე აღინიშნება, რომ ვადეფულმა ლავროვს უთხრა, რომ ურთიერთობების ასეთი სავალალო მდგომარეობა არ შეესაბამება გერმანიის ინტერესებს და რომ კონსტრუქციულ ურთიერთობებთან დაბრუნების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს არსებობს, თუმცა ,,ეს ომის დასრულებას გულისხმობს, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება”.