საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი „მეგობრულ რეჟიმში“ განიხილება.
კერძოდ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადების პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობასთან დაძაბულობა არ აქვს.
„ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს, აზერბაიჯანის მთავრობასთან ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. მეგობრობიდან გამომდინარე ძალიან მარტივად შეგვიძლია ყველა საკითხი განვიხილოთ . ასეთ რეჟიმში, მეგობრულ რეჟიმში განიხილება ყველა საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის“, - აღნიშნა პრემიერმა.