სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ერთი პერიოდი ჰქონდათ ეს “ანტიმიშა” ფობია , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანას“ გულისხმობს.
მისი თმით, კარგია რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია არ ჩამორჩა საერთაშორისო საზოგადოებას, რომელმაც უკვე "აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე".
„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სამწუხაროა, რომ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ერთი პერიოდი ჰქონდათ ეს “ანტიმიშა” ფობია. თუმცა, სადაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, და საუბრობენ მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, საუბრობენ მის წინააღმდეგ წამებაზე, ამაზე საუბრობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, რა თქმა უნდა, ქართული ორგანიზაციებიც არ გამოჰყვნენ ამ ნაწილს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, 2026 წლის ივლისში მას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართეს და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის - ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“ მასალები გადასცეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის თანახმად, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1 900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ 5-დან 4 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ორგანიზაციის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შეფარდების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა არსებითად უსამართლოა და ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს.