შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, 14 წელია მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა არის ყოველთვის პასუხი თავდასხმებზე - რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, მიდის გადატვირთვის გზაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ დინამიკით

ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოსა და პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, როდესაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

პაპუაშვილის თქმით, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება, იმისთვის, რომ კომფორტულ "კაფსულში" და კრიტიკისგან დაცული იყოს, ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა, რომ თავს არ დაესხან ქართველ ხალხს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის კრიტიკა ყოველთვის თავდასხმების საპასუხოა.

„ჩვენ არავის არ ვესხმით თავს. 14 წელია მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული. არავის ვესხმით თავს ერთი, მეორე, ჩვენი კრიტიკა არის ყოველთვის პასუხი თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე და მესამე, ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოსა და პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამის უფლებას ჩვენ ვერავინ ჩამოგვართმევს, ასე რომ, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება, იმისთვის, რომ კომფორტულ კაფსულაში იყოს და კრიტიკისგან დაცული იყოს, რა თქმა უნდა, ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა, რომ თავს არ დაესხან ქართველ ხალხს”, -განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, პაპუაშვილს ვაშინგტონთან პარტნიორობის სრულფასოვანი აღდგენის მთავარ საზომად ახალი სტრატეგიული შეთანხმება მიაჩნია, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი გუნდი კმაყოფილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განვითარების დინამიკით.

„რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, მგონი, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე. ჩვენ კმაყოფილი ვართ დინამიკით, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს, ვითარდება. კერძოდ, იმით, რომ დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. ის, რომ არის საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაცია. კერძოდ, ის რომ მათ შორის „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც მათ შორის გულისხმობს ტრამპის პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ, ასე რომ, ეს ყველაფერი ჩვენ მიგვანიშნებს, გვაჩვენებს იმას, რომ დინამიკა არის სწორი ამ ურთიერთობებში.

სხვა მხრივ, ჩვენ განვაცხადეთ, რა არის ჩვენი საზომი. როდის შეგვეძლება იმის თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენ წარმოდგენებს, ჩვენ ვთქვით, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის საზომი კრიტერიუმი, როცა ვიტყვით, რომ კმაყოფილი ვართ იმ დონით ურთიერთობებისა რომელიც არის. ამის მზაობა ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რა მომენტშიც აშშ-ის ადმინისტრაცია იქნება მზად, ჩვენი მხრიდან, საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჰყავთ ძალიან კეთილსინდისიერი პარტნიორი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში