ყველა ეს სპეკულაცია, რაც ამ განცხადების და თუნდაც მონასტრის ირგვლივ ხდება, დამერწმუნეთ, დასრულდება და განვითარდება ისე, როგორც ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადების პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნის უახლოესი, ისტორიული, სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან დიდი მეგობარია.
“დამერწმუნეთ, აზერბაიჯანი არის ჩვენი უახლოესი, ისტორიული, სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ძალიან დიდი მეგობარი. ყველა ეს სპეკულაცია, რაც ამ განცხადების ირგვლივ ხდება, თუნდაც მონასტრის ირგვლივ, დამერწმუნეთ, ყველაფერი დასრულდება და განვითარდება ისე, როგორც ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარედ სამუშაოებს გამოეხმაურა. როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. საპატრიარქოს განმარტებით, მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. საპატრიარქო აცხადებს, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება.
საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულ განცხადებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეწინააღმდეგება მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. საგარეო უწყების განმარტებით, აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„სწორედ ამიტომ გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ მიდგომებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის განვითარდა. ამ მხრივ, სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა არ არის რეკომენდებული. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს”, - ნათქვამია განცხადებაში.