იოჰან ვადეფული ლავროვთან შეხვედრაზე - შევთავაზე სიტუაციის დეესკალაცია, განსაკუთრებით უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, თუმცა ჯერჯერობით, შეთავაზებას გამოხმაურება არ მოჰყოლია - მკაფიოდ განვუცხადე, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ

ეს იყო ინტენსიური საუბარი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მკაფიოდ განმეცხადებინა, რომ გერმანიისთვის მიუღებელია ისეთი ქმედებები, როგორიც ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმაა. ეს არის ესკალაცია, რომელიც მიუღებელია და მე მკაფიოდ გავაფრთხილე რუსეთი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა, შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა და ასეც მოვიქცევით. შევთავაზე სიტუაციის დეესკალაცია, განსაკუთრებით უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, თუმცა, ჯერჯერობით, ჩემს შეთავაზებას გამოხმაურება არ მოჰყოლია”, - აღნიშნა ვადეფულმა.

მისი თქმით, ამჟამად უკრაინაში მთავარი საკითხი მარცვლეულის - როგორც რუსული, ისე უკრაინული - ექსპორტის უზრუნველყოფაა.

“ეს მნიშვნელოვანია თავად ამ ქვეყნებისთვის, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „გლობალური სამხრეთისთვის“. ეგვიპტე მარცვლეულის მესამედს უკრაინიდან იღებს. თუ ეს არ მოხდება, შიმშილობა გარდაუვალი იქნება, განსაკუთრებით - „გლობალურ სამხრეთში“; ამის თავიდან აცილება აუცილებელია. მტკიცედ ვურჩიე მას, ღია იყვნენ მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა ამისთვის მზადაა და რუსეთიც მზად უნდა იყოს”, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ გერმანიის მთავრობას რუსეთთან არ უსაუბრია, არც წინა მთავრობას ჰქონია მასთან კომუნიკაცია და რა შეიცვალა ახლა, ვადეფულმა უპასუხა:

“ერთი მხრივ, არაერთმა კოლეგამ მთხოვა, მოლაპარაკებების მიმართ ღია ვყოფილიყავი. ისინი მირჩევდნენ, რომ გარკვეულ ეტაპზე პირდაპირი დიალოგი უნდა აღგვედგინა. გარდა ამისა, არ მინდა, რომ ჩვენ, ევროპელებმა, რუსეთთან ურთიერთობის მთელი პროცესი მხოლოდ ამერიკელებს მივანდოთ. გვესმის, რომ ჩვენს მთავრობებს შორის შეხედულებებში ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს, თუმცა ამ განსხვავებებზე საუბარი აუცილებელია. „ცივი ომის“ პერიოდში მხარეები მუდმივად ცვლიდნენ მოსაზრებებს. ჩავთვალე, რომ სწორედ ახლა იყო შესაფერისი მომენტი მსგავსი დიალოგის დაწყების შესაძლებლობის მოსაძიებლად”.

მისი თქმით, არ აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე უკრაინის გარეშე, არამედ მოუწოდებს რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

“არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე; ეს თავად უკრაინელების საქმეა. მოვუწოდებ რუსეთს, აწარმოოს მოლაპარაკებები უკრაინასთან. რუსეთს ასევე მკაფიოდ განვუცხადე, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა კვლავაც გაგრძელდება. ეს პოზიცია ლავროვსაც გავუმეორე და მოვუწოდე, მზად იყვნენ მოლაპარაკებებისთვის”, - აღნიშნა ვადეფულმა.

კითხვაზე, ეს შეხვედრა ერთჯერადი მცდელობა იყო თუ შემდგომი მოლაპარაკებების დასაწყისი, ვადეფულმა უპასუხა :

“ეს, არსებითად, რუსეთზეა დამოკიდებული. თუ რუსეთი მზად იქნება კონსტრუქციული დიალოგისთვის და, რაც მთავარია, მზად იქნება შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ხაზგასმით მეთქვა, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას. მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს აგრესია”, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში