შიო III - შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან - მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული - ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება

მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული. აფხაზებიც დამარცხდნენ და ქართველებიც დამარცხდნენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც.

უწმინდესმა და და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მორმწუნეებს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა.

"დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე, მის მნიშვნელობასა და ძალაზე. შეგვეწიოს ყველას ძალა და მადლი ცხოველმყოფელისა ჯვარისა!

უფალი იესო ქრისტე ნებსით მოკვდა ჯვარზე ჩვენ ცოდვილებისთვის, დამნაშავეებისთვის, რომ გადაგვარჩინოს, გვიხსნას და გვაცხონოს. და აი, როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ, პირველ რიგში, ამ სიყვარულის ღვაწლს, დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ სიყვარულის ეს ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე.

ჯვრის თაყვანისცემით ასევე თაყვანს ვცემთ ჩვენი მკვდრეთით აღდგომის იმედსა და სიხარულს, რადგან როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სწორედ ამ დროს აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენი იმედიც სწორედ ამაშია, რომ ცოდვის უფსკრულიდან, დაცემულობის უფსკრულიდან შეიძლება აღვდგეთ ქრისტიანული ცხოვრებისა და ღმერთთან თანაზიარებისთვის.

მძიმე და დიდი იყო ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თქვენ იცით, ის ხისგან იყო დამზადებული. მას მერე სხვადასხვა ადამიანი ამზადებდა ხოლმე ასეთი დიდი ზომის ჯვრებს, ერთობლივი ძალისხმევით მიაბრძანებდნენ იერუსალიმში და გოლგოთის გზაზე აჰქონდათ. ზოგს თავის სენაკში ჰქონდა. აი, მაგალითად, ღირს ალექსი შუშანიას სენაკში ჰქონდა ასეთი დიდი ზომის ჯვარი და მხრებზე იდებდა ლოცვის დროს.

აი, ჩვენ წინაშე აღმართულია თხოთის ჯვარი. თქვენ იცით, რომ თვით წმინდა ნინომ, მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ აღმართეს ეს ჯვრები, პირადად აიტანეს მცხეთის მთაზე.

მაგრამ ჯვარი ქრისტესი არ არის მხოლოდ ხისგან ან სხვა მასალისგან დამზადებული ჯვარი. არსებობს ასევე სულიერი ჯვარი, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან, განსაცდელებისგან, მწუხარებებისგან, სნეულებებისგან, ოჯახური სირთულეებისგან. და აი, როდესაც ადამიანი სცოდავს და ამ ცოდვაში ჯიუტად ყოფნას განაგრძობს, მაშინ ამ ჯვრებს, ამ თავის ჯვარს ამძიმებს; ხოლო როცა ადამიანი ცოდვას ებრძვის და ამარცხებს, მაშინ ის თავის ჯვარს ამსუბუქებს.

ეს რას ნიშნავს? იმას, რომ როდესაც ვცდილობთ, ჯვარს გავექცეთ, მოვიშოროთ, ჩვენ ვშორდებით ქრისტეს ჯვარს, ჩვენ ვშორდებით თვით უფალს; მაგრამ როდესაც მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ჩვენ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული.

ძვირფასო ძმებო და დებო, ამიტომ ვეცადოთ, ვებრძოლოთ ცოდვას და ნუ ვიქნებით სულმოკლენი ჩვენი ჯვრის ზიდვაში. მაშინ უფალი ჩვენთან იქნება, ჩვენ ვივლით ქრისტეს გზით და ასე, ამ სიხარულით ყოველთვის უფალთან ვიქნებით.

მოგვმადლოს ეს უფალმა ჯვრის ძალითა და მადლით!

დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას ჩვენი უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან, სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30 ათასამდე დაღუპული ადამიანი, ასობით ათასი განდევნილი თავისი მიწა-წყლიდან, თავისი კუთხიდან, თავისი სახლიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია ეთნიკური ნიშნით.

მეუფემ გამახსენა ახლა, რომ ომის შემდეგ, უკვე კოდორის გზაზე გადასვლის პერიოდში, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც ღვთისგან დადებული დიდი ჯვარია. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა სოხუმის დაცემა, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენებაც ხომ სწორედ ამ დღეს არის, იგი დაკრძალული იყო აფხაზეთში, მისი საფლავი იქ არის.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ომზე და მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები, რომ ამ ომში არავინაა გამარჯვებული. აფხაზებიც დამარცხდნენ და ქართველებიც დამარცხდნენ.

თუ გვინდა, ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და მარგებელი იყოს ჩვენთვის, ანუ ჩვენი ერი, ქართველობაც და აფხაზობაც, კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთშენდობა, ურთიერთპატიება.

მე ძალიან ვხარობ იმით, მგონი ჩვენც, ყველა ვნუგეშობთ იმით, რომ დღეს უკლებლივ ყველა ადამიანი საქართველოში ამ განწყობით არის. ეს ძალიან გვაერთიანებს ჩვენ, ასეთი დამოკიდებულება აფხაზების მიმართ, აფხაზეთის მიმართ და იმისადმი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი შემდგომი ცხოვრება და ერთად ყოფნა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს – ჯვართამაღლებას.

დღეს ჩვენ აღავსრულეთ პანაშვიდი, მოვიხსენეთ ყველა, ვინც დაიღუპა ამ ომში – აფხაზებიც, ქართველებიც. ასევე გავიხსენეთ ცხინვალში გარდაცვლილი ჩვენი მეომრები, დები და ძმები. ღმერთმა აცხონოს მათი სულები! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჯვრის ძალამ და მადლმა გაგაძლიეროთ ყველა!

ჯვრის ძალითა და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!", - აღნიშნა პატრიარქმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში