გავიდა 33 წელი და სამწუხაროა, რომ დღესაც კვლავ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლა გვიწევს - ჩვენ არასდროს არ შევეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვას, - ამის შესახებ ფრაქცია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც ქართველი ხალხი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იზეიმებს.
“დღეს 33 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან და ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სულს. ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად მოვედით ბატონი ჟიული შარტავას საფლავზე. ეს ადამიანი იყო ეროვნული გმირი - მან სამშობლოს ერთობისთვის გასწირა თავი. ის იყო არამარტო ეროვნული გმირი, არამედ იყო საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. ამ ადამიანმა იმ ეპოქაში შექმნა ძლიერი ლიდერის, პატრიოტი კაცის და ეროვნულ მამულიშვილის სახე. ის ღირსეულად დაეცა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. გავიდა 33 წელი და სამწუხაროა, რომ დღესაც კვლავ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლა გვიწევს. ძალიან ღრმად გვწამს, რომ სწორედ ჟიული შარტავას მსგავსი გმირების დახმარებით და მათი მხარდაჭერით ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს. მინდა ხელისუფლებას და ქართველ ერს ვუთხრა: ჩვენ არასდროს არ შევეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვას. ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას” - განაცხადა შალვა კერესელიძემ.