თბილისში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა გმირთა მოედანზე მივიდა.
მსვლელობის მონაწილეებმა ადგილზე წაიკითხეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სახელები და გვარები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამასთან, ადგილზე შეკრებილებს "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2 ოქტომბერს, იტალიის სენატში „აფხაზეთში რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე და ქართველთან გენოციდზე“ მასალას მოისმენენ, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია. პანელზე წარმოდგენილი იქნება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიებიდან წარმომადგენლები.
მსვლელობის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ აფხაზეთი საქართველოა და რუსეთი მტერი. მათ გაშლილი ჰქონდათ შესაბამისი ბანერიც წარწერით: „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს - რუსეთი მტერია“.
მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, მასში მონაწილეობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ოპოზიციონერი ლიდერებიც.