აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, პირები, რომლებიც იმ ავიაბაზის მახლობლად დააკავეს, რომელსაც აშშ ირანზე დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა, დიდი ზიანის მიყენებას გეგმავდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გაერთიანებულ სამეფოში განხორციელებული დაკავება შესანიშნავი იყო. ბრწყინვალედ შესრულებული საქმე გახლდათ. ჩვენ მათზე საგამოძიებო მოქმედებებს ვაწარმოებდით. ისინი ჩვენს სიმაგრეზე სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ და ბრიტანელებთან თანამშრომლობამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. მათ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და საბოლოოდ დავაკავეთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პოლიციამ კვირას ხუთი მამაკაცი დააკავა ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ეჭვის საფუძველზე, საჰაერო ბაზასთან ახლოს, რომელსაც აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა. დაკავებები მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ სამხედრო აეროდრომისკენ სამი ფურგონი მიემართებოდა.
„გამოძიების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით და ხუთი მამაკაცი კვლავ პატიმრობაში რჩება. ბუნებრივია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, რათა ინციდენტის გარემოებები გავარკვიოთ”, - განაცხადა პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის უფროსმა კოორდინატორმა ვიკი ევანსმა.
Reuters-ის ცნობით, გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, ყველაზე სავარაუდო ვერსიად ირანთან დაკავშირებული მოტივი განიხილება, თუმცა ასევე განიხილება რუსული დივერსიული ოპერაციისა და ისლამისტური შეთქმულების ვერსიებიც.