25 სექტემბერს, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ მათემატიკური ამბების თხრობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ორი საინტერესო მოხსენება მოისმინეს, რომლებიც თანამედროვე სტატისტიკისა და ალბათობის პრაქტიკულ მნიშვნელობასა და ქართული მათემატიკური აზროვნების ისტორიულ განვითარებას შეეხო.
მათივე ცნობით, „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა და ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გოჩა უგულავამ მოხსენება თემაზე „როცა ინტუიცია გვატყუებს: სტატისტიკის პარადოქსები და ალბათობის ძალა“ წარადგინა.
„მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რამდენად ხშირად შეიძლება ადამიანურმა ინტუიციამ შეცდომაში შეგვიყვანოს ალბათობასთან, სტატისტიკურ მონაცემებსა და გაურკვევლობასთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას. მომხსენებელმა მონაწილეებს სტატისტიკისა და ალბათობის პრაქტიკული მნიშვნელობა საინტერესო მაგალითებისა და პარადოქსების საშუალებით გააცნო.
„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მიხეილ გაგოშიძემ ღონისძიების მეორე მოხსენება „ქართული მათემატიკის ისტორია“ წარადგინა. მოხსენების ფარგლებში მსმენელებმა ქართული მათემატიკური აზროვნების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები მიმოიხილეს, ქართული კულტურისა და განათლების ადრეული პერიოდიდან თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებამდე.
ასევე, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ ქართველი მათემატიკოსის და პროფესორის, აკადემიკოს ანდრო ბიწაძის სახელობის ციფრული მოდელირებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა.
ლაბორატორიის სახელწოდება სიმბოლურად აერთიანებს ქართული მათემატიკური მეცნიერების ტრადიციასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიმართულებებს ციფრულ მოდელირებასა და ხელოვნურ ინტელექტს.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.