რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ მხოლოდ პოზიტიურ სიგნალებს ვაკვირდებით ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით - ბურთი ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზეა - მათაც იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და გავწეროთ გზამკვლევი დროსა და სივრცეში, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დონალდ ტრამპთან და მარკო რუბიოსთან ხანმოკლე კომუნიკაციის შემდეგ სიგნალები პოზიტიურია, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დაველოდოთ.
“რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ მხოლოდ პოზიტიურ სიგნალებს ვაკვირდებით ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ საქართველოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, ძალიან კარგი შეხვედრები შედგა. ბატონმა პრემიერმაც აღნიშნა იმ ხანმოკლე კომუნიკაციის შესახებ, რომელიც მას ბატონ ტრამპთან და ბატონ რუბიოსთან ჰქონდა. სიგნალები პოზიტიურია, თუმცა ბევრჯერ გვითქვამს, რომ “სიმჩატე” არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ბურთი ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზეა. მათაც იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და გავწეროთ გზამკვლევი დროსა და სივრცეში, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის დროს მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.
“ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ", - განაცხადა პრემიერმა.