ბაკურ კვაშილავა - აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადება აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრობლემები ვერ მოაგვარა - ეს არის მშიშარა ხელისუფლება, რომელსაც არ ეშინია მხოლოდ ევროპელების, დანარჩენის გაგონებაზე კი ტანში ცრის

მშვიდობა არ ნიშნავს ცალმხრივად ბოდიშს მოხდას და თავზე ნაცრის დაყრას - რეალურად, არჩევანი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს, არის მონობასა და თავისუფლებას შორის, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ სოხუმის დაცემიდან 33-ე წლისთავზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ღირსეული მშვიდობა ორ ფეხზე მტკიცე დგომით მოიპოვება და „ამ მშვიდობის გარანტი უნდა იყოთ შენ და შენი მეგობრები და არა შენი მტრის კეთილი ნება“.

ამასთან, კვაშილავამ აღნიშნა, რომ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება, შენ უდანაშაულო ადამიანების სისხლზე დაფუძნებით მოიპოვო დამოუკიდებლობა“.

„რუსეთის ოკუპაციას ერთადერთი რამ დაასრულებს - საქართველოს გაძლიერება, საქართველოს ერთიანობა და სწორი პოლიტიკა. საქართველო თავის მოკავშირეებთან, მეგობარ სახელმწიფოებთან, ცივილიზებულ სამაყროსთან ერთად, რომლისთვისაც მიუღებელია ისეთი ახალი ქვეყნების წარმოქმნა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის საფუძველზე არიან წარმოქმნილი. ასეთია ე.წ. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. მტკიცება, რომ მათ ეკუთვნით დამოუკიდებლობა, ერთადერთ რამეზეა დაფუძნებული - მათ მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებით გააძევეს საკუთარი ტერიტორიიდან, საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან, არ აძლევენ ღირსეულად დაბრუნების საშუალებას, შესაბამისად, ნებისმიერი არჩევნები იქნება, პლებისციტი თუ რეფერენდუმი, რომელიც ამ ტერიტორიებზე ოდესმე ჩატარებულა, არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა, რომ ოდესმე, ეს „ქვეყნები“ ვინმეს მიერ, ვისთვისაც სამართლიანობა ამოსავალი წერტილია, დამოუკიდებლობის ღირსად ჩაითვალოს. არ შეიძლება, შენ უდანაშაულო ადამიანების სისხლზე დაფუძნებით მოიპოვო დამოუკიდებლობა. ეს უნდა გაიგონ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა. სამართლიანობა არ აჯილდოებს უდანაშაულო ადამიანების საკუთარი სახლებიდან გაყრას და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს. ამაზე არ იგება დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამის მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბოდიშის მოხდაზე, იმაზე, რომ ომის დროს ჩვენც შეგვეშალა და თქვენც. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ხიდების შენება, მაგრამ მთავარი იმის შეგნებაა, რომ არასოდეს, სანამ ცივილიზაცია არსებობს, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ბარბაროსები არ არიან, ვერ იქნებიან აღიარებული როგორც საერთაშორისო სისტემის თანასწორი და ღირსეული ნაწილი. ამის გააზრება ძნელი არ არის, თუკი თანმიმდევრულად მივუდგებით საკითხს და არა ისე როგორც „ქართული ოცნება“ უდგება.

თუ არ ავხსენით, რას ნიშნავს მშვიდობა, ეს არის სიტყვა, რომელიც არავითარ მნიშვნელობას არ ატარებს. მშვიდობა არ ნიშნავს ცალმხრივად ბოდიშს მოხდას და თავზე ნაცრის დაყრას, მით უმეტეს, ისეთი მხარისგან, რომელმაც დაპირისპირება წააგო უთანასწორო ბრძოლაში, უფრო ძლიერ და უსამართლო მოწინააღმდეგესთან - რუსეთთან. რუსეთის მიერ ინსპირირებული კონფლიქტის შედეგად, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებული გახდა, რომ საკუთარი კარ-მიდამო დაეტოვებინა და წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ეცხოვრა. ამის შემდეგ, არ შეიძლება გამოსავალი იყოს, რომ შენ ბოდიშს უხდი მტერს იმისთვის, რომ უსამართლოდ დაგჩაგრა. ეს არ არის მშვიდობა, ეს უფრო მონობაა. რეალურად არჩევანი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს, არის მონობასა და თავისუფლებას შორის, მაშინ როდესაც ღირსეული მშვიდობა ორ ფეხზე მტკიცედ დგომით მოიპოვება. ამ მშვიდობის გარანტი უნდა იყოთ შენ და შენი მეგობრები და არა შენი მტრის კეთილი ნება,“ - განაცხადა კვაშილავამ.

ამასთან, მან გადაცემაში ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, შემოიმტკიცოს ის მხარეები, სადაც უპირატესობა გააჩნია.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უნარი, გააპროტესტოს მიმდინარე ანექსია და მათი ე.წ. მშვიდობის პოლიტიკა, სინამდვილეში, რუსეთის ყურმოჭრილ მონად ყოფნის პოლიტიკაა.

„მგონია, რომ რუსეთი ცდილობს, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც უკრაინის ომმა შეუქმნა, შემოიმტკიცოს იმ მხარეები, სადაც უპირატესობა გააჩნია. სამწუხაროდ, ასეთ მისთვის არის ე.წ. სამხრეთ ოსეთი. სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი მექანიზმი და გეგმა არ აქვს, წინ აღუდგეს ამ საკითხს. ის ვერ ახერხებს ოფიციალური განცხადების გაკეთებასაც კი და საპროტესტო ნოტების გაგზავნას, იმიტომ რომ მათი ე.წ. მშვიდობის პოლიტიკა, სინამდვილეში რუსეთის ყურმოჭრილ მონად ყოფნის პოლიტიკაა. ეს არის პოლიტიკა, რომელიც მონობას იღებს როგორც მშვიდობას და აქედან გამომდინარე, მას არ აქვს არანაირი უნარი, გააპროტესტოს მიმდინარე ანექსია,“ - განაცხადა კვაშილავამ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ასევე, ისაუბრა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადების პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ „ასეთი რეაქცია არაადეკვატურად უნდა ჩაითვალოს“.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადება აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად, ვერ გააუმჯობესა ის პრობლემები, რომელიც აზერბაიჯანთან გვაქვს და „ეს არც არის გასაკვირი“.

კვაშილავამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ცივილიზებული ხალხის არ ეშინიათ, დანარჩენის გაგონებაზეც კი ტანში ცრით.

„ეს მიუთითებს ერთადერთ რამეზე - „ქართული ოცნების“ დროს აზერბაიჯანთან იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, პრაქტიკულად არანაირი პროგრესი მიღწეული არ არის. მიუხედავად კამპანიისა - „დავით გარეჯი საქართველოა“, დღეს „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე დუმს, იმიტომ, რომ პასუხი არ გააჩნია. მან რეალურად ვერ გააუმჯობესა ის პრობლემები, რომელიც აზერბაიჯანთან გვაქვს და ეს არც არის გასაკვირი. „ქართლი ოცნება“ სუსტი მთავრობაა. ეს არის მთავრობა, რომელსაც არ აქვს არც მეგობრების მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და არც საკუთარი ხალხის, განსაკუთრებით, 2026 წელს. ასეთ სუსტ მთავრობას უჭირს მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასთან არის დაკავშირებული. მე ვთვლი, რომ ეს არის საკითხები, რომელზეც ჭეშმარიტმა ეროვნულმა მთავრობამ ღიად უნდა ისაუბროს აზერბაიჯანთან, იმიტომ, რომ არის რიგი ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ იმას, რომ მათ ტერიტორიაზე არსებობს ისტორიული მხარეები, რომელიც ადრე სხვას ეკუთვნოდა და ეს მათი კულტურული მემკვიდრეობაა. [აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს] ასეთი რეაქცია უნდა ჩაითვალოს, რომ არის არაადეკვატური.

დავით გარეჯის კამპანიაც რომ ავიღოთ, ეს აჩვენებს, თუ რამდენად არათანმიმდევრულია „ქართული ოცნება“. როდესაც არჩევნებისთვის და ხალხის მოსატყუებლად სჭირდება, სუპერეროვნულ ძალას წარმოადგენს. როდესაც არჩევნები ახლოს არ არის, „ქართულ ოცნებაზე“ მდუმარე თევზი არ შეიძლება იყოს. დღეს იმ დეპუტატებს, რომლებსაც ენა არ უჩერდებათ ევროკავშირის გინებაში, ალბათ, სიტყვას ვერ წამოაცდევინებთ რომ დააკომენტარონ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. რეალურად, ეს არის ის ხალხი, რომელიც შიშით თრთის ნებისმიერი გამოწვევის წინაშე, როგორც ეს იყო მაგალითად, ირანის ელჩის განცხადების შემთხვევაში. მათ მხოლოდ იმ ხალხის არ ეშინიათ, ვინც ცივილიზებულია, როგორიცაა ევროპის ხალხები, დანარჩენის გაგონებაზეც კი ტანში ცრით. ეს არის მშიშარა ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე და ასეთი არ ეკადრება საქართველოს,“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანმოკლე შეხვედრის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, კვაშილავამ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების შინაარსი „კომიკურია“.

კერძოდ, კვაშილავას თქმით, კომიკურია, თითქოს, კობახიძემ ტრამპს ულტიმატუმი წაუყენა, რომ აშშ-ს „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის აღდგენის ბოლო შანსი აქვს.

„კომიკურია განცხადების შინაარსი, თითქოს კობახიძე ტრამპს ეუბნება, ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ ერთ შანსს გაძლევთო. ანუ, კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ტრამპს, ბოლო შანსი გაქვთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აღადგინოთ ურთიერთობაო. მაშინ როდესაც სადაც ულტიმატუმია გასაკეთებელი, მაგალითად, „სამხრეთ ოსეთის“ ანექსიაზე, საპროტესტო ნოტაზეც კი არ არის საუბარი. მაგრამ შენს მეგობარს, რომელიც იცი, რომ ცივილიზებულია და ისე არ მოგექცევა როგორც ბარბაროსი სახელმწიფო, იმას ვითომ ულტიმატუმებით ელაპარაკები. როგორ წარმოუდგენიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს რეალურ ნაბიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველ დღე დგამს და მეორე მხრივ, დაეჯერება კობახიძეს სიტყვები იმის თაობაზე, თითქოს ახლა რაღაცას თავიდან იწყებს. კომიკური ხასიათისაა ეს ყველაფერი და პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი იმის საჩვენებლად, თითქოს, საქართველოს მთავრობა აშშ-სთან ურთიერთობისთვის ღიაა,“ - აღნიშნა კვაშილავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო