დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით, უკრაინელმა მებრძოლებმა ლიმანის მიმართულებით დასახლებული პუნქტები: ნოვოე, რიდკოდუბი და კატერინოვკა გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ-ტაქტიკურ ფორმირება მესამე არმიის კორპუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მესამე არმიის კორპუსმა გაათავისუფლა ნოვოე, რიდკოდუბი და კატერინოვკა და აღადგინა კონტროლი კარპოვკასა და ნოვომიხაილოვკაზე. მტრის დანაკარგებმა 2 000 კაცი შეადგინა, 250-ზე მეტი რუსი კი ტყვედ ჩავარდა”, - აღნიშნულია მესამე არმიის კორპუსის განცხადებაში.
მესამე არმიის კორპუსის მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა, რომ ამ დასახლებების გათავისუფლება ოპერაცია „ვივალდის“ მესამე ეტაპის ფარგლებში მოხდა. მისივე ინფორმაციით, კონტროლი დამყარდა კარპოვკასა და ნოვომიხაილოვკაზე.
ბილეცკის თქმით,სოფელი ნოვოე რუსული არმიის მთავარი კერა იყო ამ მიმართულებაზე.
„საერთო ჯამში, ამ ეტაპის განმავლობაში, დავიბრუნეთ 51 კვადრატული კილომეტრი უკრაინული მიწა. ეს ეტაპი მთელი ოპერაციისთვის გარდამტეხი მომენტი იყო“, - აღნიშნა ბილეცკიმ.