კახა გოგოლაშვილი - ქურმუხის ტაძრის საკითხზე ყველას ეშლება ცოტ-ცოტა, აზერბაიჯანს მინიმუმ კულტურის სამინისტრო უნდა გაეფრთხილებინა, საპატრიარქოს კი, ეს მთავრობასთან უნდა მიეტანა - სიფრთხილე არ იყო გამოჩენილი და მივიღეთ არასასიამოვნო პასუხი

როცა ასეთ ნაბიჯებს დგამს აზერბაიჯანის ხელისუფლება და იწყებს ქართულ ეკლესიაში სამუშაოებს და არ აფრთხილებს, როგორც მინიმუმ კულტურის სამინისტროს, აქ აზერბაიჯანის მხარემ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან აქ სიფრთხილე არ იყო გამოჩენილი და ჩვენ მივიღეთ ძალიან არასასიამოვნო პასუხი - ბევრად უფრო სწორი იქნებოდა საპატრიარქოს ეს მიეტანათ მთავრობისთვის და მთავრობებს ელაპარაკათ ერთმანეთთან, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას განაცხადა.

კახა გოგოლაშვილის შეფასებით, თუ ქვეყნებს სურთ კარგი ურთიერთობები, არ შეიძლება ყველაფრის ტელევიზიით გამოტანა და ვითარების დაძაბვა, რადგან ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც დელიმიტაციის საკითხიც არ აქვთ გადაწყვეტილი, ბევრი რამე შეიძლება გახდეს კონფლიქტის საგანი.

„ალბათ, ყველას ეშლება ცოტ-ცოტა აქ. პირველ რიგში, აზერბაიჯანის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა სახელშეკრულებო ბაზა, არსებობს თუ არა რაღაც საერთაშორისო შეთანხმება ჩვენს შორის ქცევის წესების შესახებ ქართული კულტურული ძეგლების მიმართ ან აზერბაიჯანული კულტურული ძეგლების მიმართ საქართველოში, არსებობს უბრალოდ მორალი, არსებობს ქვეყნებს შორის კეთილი ნება, ურთიერთობები, მისი გაფრთხილების ვალდებულება. შესაბამისად, როცა ასეთ ნაბიჯებს დგამს აზერბაიჯანის ხელისუფლება და იწყებს ქართული ეკლესიაში სამუშაოებს და არ უთანხმდება, არ აფრთხილებს როგორც მინიმუმ კულტურის სამინისტროს, აქ აზერბაიჯანის მხარე, რა თქმა უნდა, შეცდომას უშვებს. მე ასე მგონია და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ასე არ არის. ასევე, შესაძლებელია, რომ იმ რეაგირების ნაცვლად, რაც მოჰყვა საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, მათ ეს მიეტანათ მთავრობისთვის და მთავრობებს ელაპარაკათ ერთმანეთთან. არ არის გამორიცხული, რომ ეს განცხადება იყო პროვოკაციული. აქ უამრავი მიზეზი არის ნებისმიერ დროს, რომ ჩვენ კონფლიქტი ავტეხოთ ერთმანეთთან - გარეჯი იყო ძალიან კარგი მაგალითი. თუ ქვეყნებს სურთ კარგი ურთიერთობები, არ შეიძლება ყველაფრის ტელევიზიით გამოტანა და დაძაბვა. მიზეზები არის ძალიან ბევრი ასეთ ვითარებაში. სახელმწიფოები ჩამოყალიბების პროცესშია - საზღვრები, რომ არ გაქვს დელიმიტერბული, ესე იგი შენ ჩამოყალიბების სტადიაში ხარ და აქ დიპლომატია უნდა იყოს პირველ პლანზე და უნდა იყოს სიფრთხილე. ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან აქ სიფრთხილე არ იყო გამოჩენილი და ჩვენ მივიღეთ ძალიან არასასიამოვნო პასუხი. ამიტომ ჯობია, რომ ახლა აზერბაიჯანის განცხადება განვიხილოთ როგორც საკმაოდ ხისტი, მაგრამ ის, რომ აზერბაიჯანი აბსოლუტურად მცდარია და გვართმევს რაღაცას, ასე არ უნდა განვიხილოთ, იმიტომ, რომ ის ლეგალურად სწორია“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, სოხუმის დაცემის 33 წლისთავიდან გამომდინარე, ანალიტიკოსმა ყურადღება საქართველოს ოკუპაციის საკითხსა და ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ჭრილში სინანული აბსოლუტურად არაადეკვატურია.

„ადამიანურად და საზოგადოებრივი მორალის თვალსაზრისით, სინანულის გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ საკითხი სამართლებრივად და პოლიტიკურად ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, იმიტომ, რომ მეთოდურად კეთდებოდა ყველაფერი იმისთვის, რომ აფხაზები და ქართველები და ოსები და ქართველები ერთმანეთისთვის დაეჯახებინათ. ეს იყო იმპერიის პოლიტიკა, არა მარტო საბჭოთა იმპერიის, არამედ უფრო ადრეც. სამართლებრივად საქართველოს ნაწილია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მოგვარება.

„ქართული ოცნების“ ლოგიკას მივყავართ ამ მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში, უნდა შემზადდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის აქტს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთი სახის დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს აღიარებას იმის ძალაუფლების, რომ მას გააჩნია შეთანხმების დადების შესაძლებლობა. ანუ შენ აღიარებ, რომ მას შეუძლია შენთან დადოს საერთაშორისო შეთანხმება და რომ ის საერთაშორისო სამართლის სუბიექტია. აქ არის საუბარი საერთაშორისო დამოკიდებულებაზე, განწყობაზე. საერთაშორისო თანამეგობრობა რომ შეხედავს, რომ საქართველოს დადებული აქვს რაღაც სახელმწიფოთაშორისი ან კვაზი სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები, აქ პრაქტიკულად იგივე აღიარება გამოდის, რომ მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება იმ ტერიტორიის მართვის. საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა არის ის, რომ შეთანხმებების შემოთავაზება და ურთიერთობების ამ ფორმით შემოთავაზება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ საქართველომ მაქსიმალურად შეაფერხოს საქართველოს ნებისმიერი მცდელობა იმისთვის, რომ დაიბრუნოს ეს ტერიტორია და უფრო მარტივად დაიკანონოს პრორუსულმა ძალამ და შემდეგ რუსეთმა, ეს ტერიტორია. ახლაც, ბოლო ხანებში, ძალიან იშვიათია რეაგირება საქართველოს მხრიდან ნებისმიერი სახის საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე საქართველოს მიმართ, იქნება ეს არჩევნების ჩატარება თუ ა.შ. არის ძალიან ცოტა რეაგირება და ეს ამ პოლიტიკაში ჯდება. ეს პოლიტიკა აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს, იმიტომ, რომ რაც ნაკლები იქნება საქართველოს მხრიდან რეაგირება, მით მეტად საერთაშორისო მეგობარი ჩათვლის, რომ საქართველო შეგუებულია ამ ამბავს, რომ ეს ტერიტორია არ არის მისი. მე არ ვარ წინააღმდეგი კონფლიქტის შერბილების, მოგვარების, ადამიანური ურთიერთობის განვითარების, მაგრამ თუ ეს ემსახურება იმას, რომ ლეგალურად დაიკანონონ საქართველოს ტერიტორიების ჩამორთმევა და მითვისება სხვა ძალის მიერ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ ზომებზე დათანხმება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო