ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესოს 10 ფიზიკურ პირსა და 17 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველ ან ძირის გამომთხრელი ქმედებებისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია პრესრელიზში, რომელსაც ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილების სამიზნეს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინელი ბავშვების სისტემატურ უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაყვანაში რუსეთის ფედერაციასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მათ იძულებით ასიმილაციაზე, ინდოქტრინაციისა და სამხედრო განათლების ჩათვლით.
დასანქცირებულ სუბიექტებს შორისაა მოსკოვის საქალაქო ტურიზმის კომიტეტი და ორი რუსული კომპანია, რომლებიც მოქმედებენ ბავშვთა დასვენების, ტურიზმისა და გართობის სფეროში და ორგანიზებას უწევენ რუსეთის ისტორიაზე, ომის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და სამხედრო-პატრიოტულ განათლებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
„სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ბავშვთა ბანაკები და სპორტული ცენტრები იმ როლის გამო, რომელსაც ისინი ასრულებენ კულტურულ რეორიენტაციაში, პროპაგანდაზე დაფუძნებულ სწავლებასა და სამხედრო-პატრიოტულ აქტივობებში; აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავს ბავშვების რუსული იდენტობის ჩარჩოებში ინტეგრირებას”, - აღნიშნულია პრესრელიზში.
საბჭოს განცხადებით, სიაში ასევე მოხვდნენ თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი - მის რეგიონში მდებარე ბანაკებში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ხელშეწყობისთვის; გარკვეული ოკუპირებული ტერიტორიების განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები; თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სპორტისა და ტურიზმის მინისტრი; ასევე, ბავშვთა ბანაკებისა და სკოლების ხელმძღვანელები - იდეოლოგიურ ინდოქტრინაციაში შეტანილი წვლილისთვის.
„აღნიშნულ დასანქცირებულ პირებს აქტივები გაეყინებათ. ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფულადი სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. ფიზიკურ პირებს ასევე უწესდებათ გადაადგილების შეზღუდვა, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ან ტრანზიტს უკრძალავს”, - აღნიშნულია პრესრელიზში.
შესაბამისი სამართლებრივი აქტები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.