2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბრალს არ ეთანხმებიან, შესაძლოა მოქალაქეებისთვის არ იყოს მარტივი მოსასმენი, ამასთან, ფაქტი „ღიმილისმომგვრელია“, რადგან საუბარია მეგის ქარდავაზე.
„მეგის ქარდავა რას აღიარებს და რას არა [მნიშვნელოვანი არ არის]. მისი დაცვის მხარისგანაც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს [უდანაშაულობის შესახებ] ოფიციალური განცხადებები ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანის მიმართ. ბრალს რომ არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შესაძლოა ადვილი მოსასმენი არ იყოს. ღიმილის მომგვრელია, მეგის ქარდავაზე გვაქვს ლაპარაკი. 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს“, - განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ცნობისთვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას ე.წ. კასრების საქმეში სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.